ილტოს ხეობისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
პეტიციაში ნათქვამია, რომ რეგიონიდან ყოველწლიურად იკლებს ახალგაზრდების რაოდენობა და არ ფუნქციონირებენ სკოლები.
,,მხოლოდ ერთი სკოლაა სოფელ ნადუქნარში, სადაც ძალიან ცოტა მოსწავლე დადის. თუ ამ ადგილს მიენიჭება მაღალმთიანის სტატუსი, მოსახლეობისათვის ამ სტატუსით მოსარგებლე ადგილისთვის არსებული შეღავათები მეტად იქნება საინტერესო და ახალაგზრდების მიგრაციაც შემცირდება. აღნიშნული რეგიონი არის ტურისტული თვალსაზრისითაც სტრატეგიული, შესაბამისად გთხოვთ, ამ ადგილს მიანიჭოთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი”, – წერია პეტიციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ილტოს ხეობა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ჯერჯერობით მას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ მინიჭებია.
ილტოს ხეობაში შემავალი შახვეტილას თემის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი უძილაური განმარტავს, რომ კანონპროექტი შეღავათებს ითვალისწინებდა ამ ხეობისთვისაც, რომლის გამოც 15 კომლი სახლებს დაუბრუნდა, ახლა კი არსებობს სასაზღვრო ტერიტორიის სრულად დაცლის საფრთხე.
,,ილტოს ხეობის სოფლები განიცდი მიგრაციას. ხეობაში არ არსებობს მაღაზია, ბაგა-ბაღი, საჯარო სკოლა, სამედიცინო პუნქტი. ხეობის ყველა სოფელში სასმელი წყლის პრობლემაც მძაფრად დგას. 4 სოფელი ქვემო ჩოფჩაური, ჯაბური, ბუხრები და ბუღაანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ილტოს ხეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება ინგუშეთი და ჩეჩნეთი, სასაზღვრო ზონაში ბოლო დასახლებული პუნქტია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ხელი შეუშალოს ამ დასახლებული პუნქტიდან მოქალაქეების გადინებას, მთავრობა ართმევს იმ პრივილეგიასაც, რასაც ითვალისწინებს მთის კანონი”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი უძილაურმა.