ახალი ამბები

საგარეჯოში ფეიხოას, შინდის და ნესვის არყის წარმოება დაიწყეს

საწარმოში, ასევე, დამზადდება ქლიავის, თუთის, ვაშლისა და ატმის არაყიც. როგორც პროექტის დირექტორმა დავით თოდუამ knews.ge–ს განუცხადა, პროდუქცია გამორჩეულია უნიკალური გემოვნური თვისებებით, რომლითაც სხვა კომპანიების ნაწარს გაუწევს კონკურენციას. სოფელში ხილისა და ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიის მშენებლობის სამუშაოები უკვე დასრულდა. სამშენებლო სამუშაოებზე 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 
„ბევრი კომპანია აწარმოებს არაყს, მაგრამ ჩვენი პროდუქცია განსაკუთრებული და გამორჩეულია. ჩვენ რამდენიმე სახეობის ხილიგან დავიწყეთ არყის დამზადება. ჩვენ გვექნება ფეიხოას, შინდის, თუთის, მსხალის, ატმის და ნესვის არაყი. ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარებთ. გარდა ამისა, ხილისა და ყურძნის გადამუშავების საწარმო სხვა მიმართულებითაც იმუშავებს. მომსახურებას, სხვადასხვა სახის კონსულტაციას გავუწევთ მეღვინეებს და სურვილის შემთხვევაში ღვინოსაც გამოვუხდით“, – განუცხადა knews.ge–ს დავით თოდუამ. 
კომპანია პროდუქციას საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. თოდუას ინფორმაციით, სამომავლოდ არაყს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გაყიდიან. ერთი ლიტრი არყის ფასი 25 ლარი იქნება. „ჯორჯიან სპირიტ კომპანიმ“ შამპანურის ბოთლში ლუდი დადუღებაც დაიწყო დავით თოდუას ინფორმაციით, ლუდის წარმოებისთვის ნედლეული გერმანიიდან შემოაქვთ. ნახევარი ლიტრი ლუდი ბაზარზე 3 ლარად იყიდება. 
კომპანია წარმოებისათვის საჭირო ხილის მოყვანას თავად გეგმავს და სამომავლოდ ხეხილის ბაღების გაშენებას დაიწყებს. „ჯორჯიან სპირიტ კომპანი“ ხილისა და ყურძნის გადამუშავების საწარმოს მშენებლობას ერთ თვეში დაასრულებს.