თელავის მერი – ძაღლების თავშესაფრის პროექტის განხილვა მომავალ კვირასაა დაგეგმილი
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ძაღლების რეგიონული თავშესაფარი, რომელიც მინიმუმ 150 ძაღლზე იქნება გათვლილი, სავარაუდოდ, გურჯაანში აშენდება. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტია ჩართული.
“მაწანწალა ძაღლების პრობლემა აქტუალურია. აუცილებელია, რომ აშენდეს თავშესაფარი, თუმცა მის აშენებას მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება. ამ პრობლემის მოგვარებაში ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. პროექტი უკვე არსებობს. მომავალ კვირას პროექტის შიდა განხილვაა დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პროექტი მოწონებას დაიმსახურებს, საჯარო განხილვაც ჩატარდება. თავშესაფარი სავარუდოდ გურჯაანში აშენდება, თუმცა ამ საკითხს საბოლოოდ უახლოეს მომავალში გადავწყვეტთ”, – განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით გურჯაანის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 100 000 ლარი უკვე გაითვალისწინებს.
“2018 წლისათვის დაგეგმილია ძაღლების თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოები. ჩვენი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოფა, მაგრამ ეს ცოტაა. თანხა, სავარაუდოდ, სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა”, – განუცხადა knews.ge-ს ნატო გონგაძემ.