კახეთში 400 ჰექტარზე ბროწეულის პლანტაციიის გაშენება იგეგმება
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში ბროწეულის მასობრივ წარმოებას კლიმატის გათვალისწინებით კარგი პერსპექტივა აქვს. “აგროპლანი” ნერგების შემოტანას ირანიდან და აშშ-დან გეგმავს.
“რამდენიმე ჯიშის ნერგს გამოვიყენებთ, რათა მოსავალი ეტაპობრივად დამწიფდეს. პლანტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით და რწყვის სისტემით გაშენდება, რის გამოც ერთ ჰექტარზე ინვესტიცია დაახლოებით 10-12 ათასი დოლარი იქნება. კომპანია პროდუქციის გადამუშავებისთვის და წვენის წარმოებისთვის სამომავლოდ ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს და ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარდა, ევროპაში ექსპორტსაც აპირებს”,- განაცხადეს კომპანია “აგროპლანში”.
კომპანია ირანული ინვესტიციით 2012 წელს დაფუძნდა, რომელიც კახეთში 100 ჰექტარ ვენახს ფლობს, გასულ წელს კი 50 ჰექტარზე ქლიავის, გარგრისა და ატმის ბაღებიც გააშენეს.