“საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია”
აღნიშნული კვლევა გაეროს ქალთა ორგანზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: მდედრობითი სქეის წარმომადგენლების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის კახეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენლის, ექსპერტის გენდერის საკითხებში, ჯილდა ნიბლაძის თქმით, პრობლემა ქალებშიც არის, რადგან ფიქრობენ, რომ ქმრებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ.
,,ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ვალდებულია, იჯდეს სახლში, შვილები აღზარდოს, სახლი დაალაგოს, ქმარს მომზადებული საჭმელი დაახვედროს, მოემსახუროს და დაემორჩილოს ქმარს”, – აღნიშნავს ჯილდა ნიბლაძე.
მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცველები უნდა გააქტიურდნენ. მათი მოსაზრებით, საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის – ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა. გურჯაანში მცხოვრები თეონა ყანდაშვილი მიუთითებს, რომ არსებული სტერეოტიპების მიხედვეთ, ცოლი ქმარს ყოველთვის უნდა დაემორჩილოს და სხვადასხვა ასპარეზზე კაცს ლიდერის პოზიცია დაუთმოს. ყანდაშვილი ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.
,,ქალის უფლებები დღეს ნაკლებად არის დაცული. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას იმ ორგანოებისა და დაწესებულებების შესახებ, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლია”, – აცხადებს knews.ge-სთან თეონა ყანდაშვილი.
ოჯახში ძალადობის ფაქტების შემცირებაში სახელმწიფოს როლზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის’’ დირექტორიც. ელენე რუსეცკაია ფიქრობს, რომ ამ პროცესში უნდა იყვნენ ჩართულები არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, არამედ განათლების, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები, რათა ერთიანი სტრატეგია შემუშავდეს და, რაც მთავარია, შემდგომ იმპლემენტაციაზე მონიტორინგი დაწესდეს.
,,საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან ერთად, ქვეყნის ინფრასტრუქტურაც უნდა მოერგოს, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე – საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ ქალთა უფლებებისა თუ გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია დაბალანსებულად მიეწოდოს, ანუ ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს დამატებითი აგრესია მოსახლეობაში”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ელენე რუსეცკაია.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციები მკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. პრემიერმინისტრ გიორგი კვირაკაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, ქვეყანაში, აღნიშნული მიმართულებით, საკმაოდ არასახარბიელო სტატისტიკაა.
„ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი, ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა.რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.