თელავში ფერმერებს მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს
პროგრამის შესახებ ფერმერებს ინფორმაცია “კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მიაწოდა. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც knews.ge-ს მიშელაძემ განუცხადა, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს.
მისივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.
,,სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი. გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95% კი უნდა განეკუთნებოდეს ვაზის ნებადართულ ჯიშებს. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა უნდა ააშენოს საწარმოს შენობა-ნაგებობა”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მიშელაძემ.