სტატიები

ეთნოგრაფიული ეზო ,,ქიზიყი“ სოფელ ნუკრიანში

აგროტურისტული ობიექტი, რომელიც საოჯახო სასტუმროს და მარანს მოიცავს, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით 2012 წელს გაიხსნა.
ეთნოგრაფიული ეზო ,,ქიზიყის“ დამფუძნებელი, თამარ ყალაბეგაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ბიზნეს იდეა წლების წინ მოუვიდა, 2012 წელს კი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელსაც სათემო განვითარების ცენტრი ანხორციელებდა, მიიღო მონაწილეობა და გრანტის სახით 3 000 ლარის დაფინანსება მიიღო.
,,აღნიშნული ბიზნეს იდეა მას შემდეგ დამებადა, რაც განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებდი. საბედნიეროდ 2012 წელს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გრანტი, რომელსაც კურირებდა სათემო განვითარების ცენტრი, მივიღე მონაწილეობა და დამაფინანსეს 3000 ლარით. ფულადი დახმარების გარდა, გავიარე ძალიან კარგი ტრენინგები. ამ თანხით კი ვიყიდე სამშენებლო მასალები. შემდეგ ბანკიდან გამოვიტანე სესხი, რითაც შემდეგ ავაშენე ღვინის პატარა მარანი და მოვაპირკეთე ეზო. თავიდან მხოლოდ სადილების შეკვეთებს ვიღებდით, მაგრამ მოთხოვნა ისე სწრაფად გაიზარდა, რომ დაგვჭირდა გაფართოვება. გაფართოვების შემდეგ დავამატეთ ქართული ტრაცდიციული კერძების მომზადების მასტერ კლასები: აქ მოსულ სტუმართან ერთად ვაწყობთ პურის ცხობის, ჩურჩხლის ამოვლების, მწვადის შეწვის და ხინკლის მოხვევის მასტერკლასებს. ევროპელებს განსაკუთრებით მოსწონთ ხინკლის მომზადების მასტერკლასი’’,- განუცხადა knews.ge-ს თამარ ყალაბეგაშვილმა.
ყალაბეგაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს EBRD-ისგან მიღებული სესხით ახალი შენობა ააშენა, რის შემდეგაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, მომსახურებოდნენ მეტ ვიზიტორსა და ტურისტს. მისი ინფორმაციით, ბოსტნეული და სხვა პროდუქტი, რომლისგანაც ვიზიტორებისთვის სადილი მზადდება, თავად მოყავთ.
,,EBRD-ის პროექტის ფარგლებში და ევროკავშირის ხელშეწყობით დავესწარი ასევე ტრენინგებს, რაც ძალიან დამეხმარა ბიზნესის უკეთ მართვაში. გავიღრმავე ცოდნა, როგორ დამეცვა სანიტარული ნორმები, როგორ მიმეღო სტუმარი და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, გასულ წლებში ოჯახიდან არცერთი არ ვიყავით დასაქმებული, ახლა კი მთელი ოჯახი ვართ ამ საქმიანობაში ჩართული, ასევე საჭიროების შემთხვევაში მყავს დამხმარეები. მიხარია, რო მე არამარტო ვუზრუნველყოფ ჩემი ოჯახის ფინანსურ წარმატებას, ასევე ვეხმარები გაჭირვებულ ოჯახებს. ევროკავშირის გრანტის დახმარებით, გასულ წელს გავაფართოვე ბიზნესი და ავაშენეთ დამატებით შენობა, სადაც თავსდება 50 -60 ადამიანი, დავამატეთ ასევე სამზარეულო , სხვადასხვა კერძის მომზადების მასტერკლასები და დეგუსტაცია. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ქართული ტრადიციული სადილების მომზადება სოფლის ახალი პროდუქტებისგან. გვაქვს ასევე ჩვენი მეურნეობა და ტურისტს საშუალება აქვს, ადგილზე ნახოს პატარა ბოსტანი, ასევე შინაური ფრინველები და პირუტყვი’’,- განაცხადა თამარ ყალაბეგაშვილმა.
ეთნოგრაფიული ეზო „ქიზიყი“რამდენიმე წელია ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობს. თამარ ყალაბეგაშვილის თქმით, ეთნოგრაფიულ ეზოს ძირითადად ევროპული ქვეყნების მოქალაქეები სტუმრობენ.
,,ვთანამშრომლობთ ტურისტულ სააგენტოებთან და მათი დახმარებით ადგილზე ჩამოდიან ტურისტები. ჩვენთან მოდის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა. ტრენინგების გარდა, ძალიან დამეხმარა ის ტრენინგები, რომლებიც გავიარე და ეს დამეხმარა ჩემი ბიზნესის გაფართოვებაში. ძალიან კარგია, რომ ბიზნეს იდეები ფინანსდება. ეს დიდ სტიმულს აძლევს ადამიანს’’,- განუცხადა knews.ge-ს თამარ ყალაბეგაშვილმა.