კახეთში წელს ყურძნის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოები გაიხსნა
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ღვინის საწარმოების გახსნა რეგიონში მევენახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მომავალ წელს მევენახეობის მიმართულებით გაცილებით მეტი კოოპერატივი დაფინანსდება. რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ საშუალება გვექნება, ვიფიქროთ არა მხოლოდ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე, არამედ კოოპერატივების მიერ წარმოებული ბრენდირებული ღვინის გაყიდვაზე, რომელიც კოოპერატივების ბრენდის სახელით გავა საერთაშორისო ბაზარზე,”- განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
როგორც knews.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში „შატო აკურა“, „საბა“ და „გავაზის საუკეთესო ვენახები“ გაერთიანებულია ჯამში 60 -ზე მეტი მეპაიე, ხოლო კოოპერატივებში მობილიზებული ვენახი 70 ჰა-ზე მეტს შეადგენს.
,,მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებიდან თითოეული მიიღებს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობას. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება, როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით”, – აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.