პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დაიწყო
აქცია გავრცელდება იმ არასრულწლოვან მოქალაქეებზე, რომელთაც 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი.
,,პირადობის მოწმობას უფასოდ მიიღებენ ის მოქალაქეები, რომელთა დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე და სხვა.
ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 2018 წელს საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ. კარუსელს. მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია”,- განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, აქცია 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.