აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად მოხალისეთა კორპუსი შეიქმნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მოხალისეთა კორპუსი, სავარაუდოდ, აპრილიდან ჩამოყალიბდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუმცა მასში, ძირითადად, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შევლენ.
ხანიშვილის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და სკოლების უფროსკლასელებს საზოგადოებისთვის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალებათ.
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამაში ჩადებული გვაქვს ერთ-ერთი კომპონენტი, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა. ამის ერთ-ერთი ნაწილია სხვადასხვა მოძრაობების ფორმირებების შექმნა, რომელიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებამდე მიიტანს. ვფიქრობთ, რომ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სკოლის უფროსკლასელები შეიძლება იყვნენ ჩართული ამ ინფორმაციის გავრცელების პროცესში. მათ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას იმ აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების შესახებ, რომლის გარეშეც კარგ მოსავალზე საუბარი არ შეიძლება. ამავე დროს მათ აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად იმ ინფორმაციის მიწოდება დაევალებათ, რასაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ჰქვია. ამ ღონისძიებებში ჩაერთვებიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფები. მოხალისეთა კორპუსს დაატრენინგებს სამინისტროს მიერ შერჩეული ტრენერები. კამპანიის ერთ-ერთი ვალდებულება იქნება მოსახლეობის დარაზმვა, კლიპების გადაღება და გავრცელება, ნაბეჭდი პროდუქციის შექმნა და გავრცელება, სხვადასხვა ღონისძიების მოფიქრება“, – აღნიშნა ხანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრების დახმარებით შეიკრიბებიან. მინისტრის მოადგილის თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში არა მარტო მოსახლეობა, არამედ სხვა ჯგუფებიც უნდა ჩაერთოს, მათ შორის კერძო ბიზნესი და ინდუსტრია.
აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე გაზაფხულზე კახეთსაც ემუქრება. ფერმერებმა ფაროსანა წელს რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შენიშნეს. მოსახლეობის აზრით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომლებიც, მწერის გავრცელების შემთხვევაში, მისი განადგურებისთვის აქტიურად იმუშავებენ.
,,თუ არ გატარდა პრევენციული ღონისძიებები, კახეთში მეტია ხილი და მთლიანად განადგურდება. ზარალი იქნება დიდი’’,– განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მკვიდრმა, ნაზიბროლა ხაჭაპურიძემ.