სტატიები

წნორში წარმოებული პიტნა და ფურისულა გერმანიის ბაზარზე გავიდა

კომპანიის დირექტორის, ლიზი ხმიადაშვილის ინფორმაციით, ფურისულას ჯიშის მცენარისგან გერმანული მედიკამენტები დამზადდება. მეწარმე ამბობს, რომ საწარმოში სხვადასხვა სახის მცენარის გადამუშავება მიმდინარეობს. „კახეთი ბიო“, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, ფლობს 15 ჰექტრამდე სასოფლო–სამეურნეო მიწას, სადაც სხვადასხვა სახის მცენარე და ხილი მოჰყავთ. 
„ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა და გადამუშავება, ასევე ველურად მზარდი მცენარეების და ხილის შეგროვება-გადამუშავება. შარშან და შარშან წინ ფურისულა გავაგზავნეთ ექსპორტზე. გერმანიიდან ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ჯიშის პიტნა და ტარხუნა, რომელიც გავამრავლეთ და ამჟამად უკვე ვაწარმოებთ. ახლა დავიწყეთ ფარსმანდუკის და კრაზანას ჯიშის მცენარეების ჩაბარებაც, რომელიც დამუშავდება, გახმება და გერმანიაში გაიგზავნება. დანადგარები მზის ენერგიაზე მუშაობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარე საწარმოში, სადაც პროდუქტი მზადდება , 40–მდე ადგილობრივია დასაქმებული. გვყავს გერმანელი პარტნიორები, რომლებსაც აქვთ გასაღების ბაზარი და ჩვენ ვმუშაობთ მათი მოთხოვნის შესაბამისად. კახეთი ბიო“ თანამშრომლობს გერმანულ კომპანია „როუზ ოფისთან”, რომელიც ბაზრის მოძიებასა და პროდუქტის რეალიზებაში გვეხმარება’’, – განუცხადა Knews.ge-ს კომპანიის დირექტორმა ლიზი ხმიადაშვილმა.
კომპანია, ასევე, გერმანიაში ეთერზეთოვან „გალიკას“ ჯიშის ვარდის გაგზავნასაც აპირებს.
,,ჩვენ, ასევე, გვაქვს წნორში 10 ჰექტარზე გაშენებული ეთერზეთოვან „გალიკას“ ჯიშის ვარდის პლანტაცია. მოსავლის რეალიზებას გერმანიაში ვაპირებთ.1 ჰექტარზე ველოდებით 5 ტონამდე ვარდის მოსავალს, რომელსაც გადავამუშავებთ და ექსპორტზე გავუშვებთ. სამომავლოდ ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მუშაობის მიმართულება გახდება ვარდის მოყვანა და ვარდის პროდუქტების წარმოება.’’
„კახეთის ბიოს“ დირექტორი ამბობს, რომ შემოდგომაზე ველური ხილისგან ჩირის წარმოებას აპირებენ, რადგან აღნიშნულ პროდუქციაზე გერმენიაში დიდი მოთხოვნაა. ლიზი ხმიადაშვილის ინფორმაციით, საწარმო სეზონზე ადგილობრივებისგან ველური ხილის ჩაბარებას გეგმავს.
,,ვაპირებთ, ჩავიბაროთ ველური ხილი. უკვე გვაქვს წინასწარი შეკვეთები. გერმანიაში არის მოთხოვნა ხილის ჩირზე და ჩვენც გვაქვს მიწოდების შესაძლებლობა. ხილის მიღებას შემოდგომაზე ვგეგმავთ. გარდა ამისა, გვინდა მოვიყვანოთ სამკურნალო მცენარეები და სუნელ–სანელებლები, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავა’’,– ამბობს ლიზი ხმიადაშვილი.