საგარეჯოს მერიამ 48 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერიის თანამშრომელმა, ლელა ტეტიაშვილმა განუცხადა, კონკურსი გამოცხადებულია 25 სოფელში მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე, 18 ადმინისტრაციულ ერთეულში კი მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე 23 ვაკანტური ადგილია. ტეტიაშვილის ინფორმაციით, კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც გულისხმობს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებას და გასაუბრებას.
„მერის წარმომადგენლის თანამდებობის დაკავების მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ხოლო თანაშემწეს მინიმუმ პროფესიული განათლება მოეთხოვება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით; კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს უნდა ატვირთოს: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი; სამოტივაციო წერილი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან) არსებობის შემთხვევაში. კონკურსის ეტაპებისა და კონკურსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ნახვა კანდიდატებს შეუძლიათ იხილონ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე sagarejo.gov.ge“, – knews.ge-ს ლელა ტეტიაშვილმა.
მისივე თქმით, განაცხადების მიღება 10 მარტამდე გაგრძელდება.
აღნიშნულ თანამდებობებზე თანამდებობრივი სარგო 500-დან 1000 ლარამდე მერყეობს.