საქართველოსთვის შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე ძირითადი კომპონენტის საფუძველზე. კახა გოგოლაშვილი მიუთითებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ერთ–ერთი საფუძველია უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრად გაზრდა.
,,შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან და, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ. შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას. ამ ეტაპზე საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ არსებობს“, – განმარტავს knews.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა.
საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ, მაგრამ რიცხვის ზრდა არის შეშფოთების საგანი. ასევე გვაშფოთებს კრიმინალის ზრდა, საქართველოს შემთხვევაში, ეს რიცხვი იმაზე მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, ასე რომ საქართველოს დიდი სამუშაო აქვს, ჩვენ ერთად დიდი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა ტომას დე მაიზერმა.
ქართველი სტუდენტები სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურებიან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაზრდას და ამ ფაქტს მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. სტუდენტი გიორგი მამულაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, უარი თქვან შენგენის ზონაში თავშესაფრის მოთხოვნაზე.
„მესმის, რომ დღეს ყოველ მეორე ადამიანს უჭირს და ამ გაჭირვების რაიმე ფორმით შემსუბუქებისთვის ყველაზე უკეთესი გამოსავალი ევროკავშირის ქვეყნებში გასვლაა( ნუ სტატისტიკა ამას აჩვენებს), მაგრამ ეს შანსიც რომ დავკარგოთ, მერე ვიკითხოთ სად წავალთ. ყველამ ცოტა ხანაი აქ უნდა გავიჭირვოთ. ახალგაზრდებს ამდენი ლოდინის და წვალების შემდეგ მიეცათ შასძლებლობა მოკლევადიანი სასწავლო პროგრამებით მაინც გაემგზავრონ საუკეთსო უნივერსიტებში ცოდნის გასაღრმავებლად და ისევ იმედი უნდა დავუკარგოთ? ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ დღევანდელი კონფორტისთვის ნუ დავკარგავთ ხვალინდელ სტაბილურობას . ეხლა სჭირდება ყველაზე მეტად ჩვენს თაობას განათლებისთვის ევროპული რესურსი და ქურდ-ბაცაცობის გამო ნუ წაგვართმევთ ამას“, – წერს გიორგი მამულაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში მოიმატა და ამ სახელმწიფოსთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
,,ორგანიზებული დანაშაული, როგორც მთავარი პრობლემა, დაფიქსირებული არ ყოფილა. იყო გარკვეული ზრდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვში, ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში. ჩვენ ამ სახელმწიფოსთან უკვე აქტიურად ვმუშაობთ პოლიციის ატაშეს მეშვეობით. უახლოეს პერიოდში დავგეგმავთ ვიზიტს და ალბათ კოლეგებთან ერთად დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენ აქ დიდ პრობლემას და სირთულეებს ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თელავის ოფისის კოორდინატორი მაკა ლეონოვი მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვს ნაკლები შესაძლებლობა, ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში თავშესაფრი მიიღონ.
,,როგორც ვიცით, 2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ გამოაქვეყნა უსაფრთხო ქვეყნების სია, სადაც საქართველო შეყვანილია როგორც ერთ–ერთი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნა. ეს იმას ნიშნავს, ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები შანსი აქვთ მიიღონ თავშესაფარი. სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა ან პროფესიული განვითარების ხელშეწყობა არ შეიძლება იყოს თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი“, – განუცხადა knews.ge-ს ლეონოვმა.
საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 2016 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლა 180 დღის ვადაში 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ.