ახალი ამბები

ლალისყურის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი ამბობს, რომ ლალისყურის ციხე თავად ჯარდან ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა. იოსელიანის ინფორმაციით, 1742 წ. ციხე მნიშვნელოვნად დანგრეულა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მაგრამ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ციხე ერეკლე მეორის ბრძანებით 50-იან წლებში აღუდგენიათ. მეცხრამეტე საუკუნეში ციხემ გარკვეული ცვლილება განიცადა – ეზოში აშენდა სასახლე და გადაკეთდა სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი. 
„ციხე გეგმით კვადრატს უახლოვდება (100×97 მ. საკადასტრო მონაცემებით მისი ფართობია 10590 კმ.მ. ნაგებია რიყის ქვით. შიგადაშიგ გამოყენებულია აგური. გალავნის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკია, შუაში კი – ნახევრადცილინდრული კოშკები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის პირველ სართულზე ბუხარი და სწოკუთხა ნიშებია. ნიშებში თითო სათოფურია, კედლებში კი შეწყვილებული სათოფურები. კოშკი მე-19 საუკუნეში გადაუკეთებიათ – მეორე სართულზე დაუშენებიათ ოთხკუთხა ფორმის ოთახი. აქაც აღმოსავლეთს მხარეს ბუხარია. კედლებში ფართო სარკმლებია დატანებული. კოშკს გარედან კონტრფორსები აქვს მიშენებული. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი აღარ შემორჩა – ის მდინარემ დაანგრია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ოთხსართულიანი ყოფილა. მეოთხე სართული აღარაა შემორჩენილი. დანარჩენ სამ სართულს ეზოს მხრიდან კარი აქვს, რომელთა პირდაპირ მეორე და მესამე სართულზე ბუხრებია გაკეთებული. ყველა სართულზე დატანებულია სათოფურები. სამხრეთ-დასავლეთი კოშკიდან მესამე სართული ნაწილობრივაა შემორჩენილი. პირველ და მეორე სართულებს დამოუკიდებელი კარი აქვს. პირველ სართულზე ეზოს მხარეს სარკმელია. დანარჩენ ნაწილში სათოფურებია. მეორე სართულზე სათოფურებთან ერთად კედელში ბუხარია დატანებული. გალავნის შუაში ჩართული კოშკები ნახევრადცილინდრულია. ისინი სამსახრთულიანები ყოფილა. შემორჩენილია პირველი და მეორე სართულები, მესამე სართული ნაწილობრივ. კოშკებს პირველ სართულებზე სათოფურები და სარკმლები აქვთ, მეორე სართულზე მათ ბუხრებიც ემატებათ. გალავნის სამხრეთი კედლიდან 5 მეტრის დაშორებით დგას გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია სამრეკლოთი. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით (12.8×6.1 მ). ტაძარი გადახურულია კრამიტით. ეკლესიას დასავლეთიდან მიდგმული აქვს თანადროული სამსართულიანი სამრეკლო. სასახლის გადახურვა საერთოდ არ შემორჩა“, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.