ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება
უწყების ცნობით, გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.
,,გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი. ამ დროისათვის მიმდინარეობს მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები. კმ4-კმ9 მონაკვეთზე მიმდინარეობს ხიდის სამშენებლო სამუშაოები, ასევე გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა და კოჭების დამზადება. ხორციელდება ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები. პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებასა და ხარისხს. კახეთის რეგიონისათვის გზების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი”, განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია. სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის, ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია.