დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
“ზაფხულში ვენახებს, ხეხილის ბაღებს, ნაკვეთებში ხორბალს ვერ ვრწყავთ და მოსავალი გვიფუჭდება. სარწყავი სისტემა რომ იყოს, ეს პრობლემაც აღარ იქნება. თუ საირიგაციო სისტემა იქნება, გვეცოდინება, რომ მოსავალი ზაფხულში გვალვის გამო აღარ გაგვინადგურდება. შარშან გვალვის გამო ბევრმა ფერმერმა ნახა ზარალი, რადგან მოსავალი ვერ მორწყა”, – განუცხადა knews.ge-ს სოფელ თავწყაროს მკვიდრმა მარუსა ზარიძემ.
ან ეტაპზე სარწყავი სისტრმის რეაბილიტაცია დეფოდლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში -სამთაწყაროსა და ფიროსმანში მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს, 2018 წლის ივლისში დასრულდება. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან.
“არხის ფერდებზე ეწყობა მონოლითური არმირებული ბეტონი. აღდგენითი სამუშაოები უტარდება ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს.
მაგისტრალური არხისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება და რეგულარულად მოირწყვება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2 სოფლის 1,183 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული”, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.