გომბორი-თელავის გზაზე სპეციალური რეჟიმი მოიხსნა
,,ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სპეციალური რეჟიმი გუშინ, გვიან ღამით დაწესდა. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით იყო დასაშვები”, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მეორე დღეა რეგიონში გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი უახლოესი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
,,აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება შემდეგ დღეებშიც”, – აღნიშნავენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.