პანკისში დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
დაკავებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის დაფინანსებას ან ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ედავება. როგორც knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საგამოძიებო ორგანო ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას, ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. სუსის ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რომლის დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს ესროლეს, რის შედეგადაც ის დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ საკმაოდ მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილის დაჭრა გააპროტესტა გუშინ, დუისის ცენტრში, შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან, რატომ ესროლეს სპეც დანიშნულების რაზმის წევრებმა 19 წლის მძინარე თემირლან მაჩალიკაშვილს. პანკისელები დარწმუნებულები არიან, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს.