ნატა მაჩალიკაშვილი – ჩემი უდანაშაულო ძმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა
ნატა მაჩალიკაშვილი გამორიცხავს მისი ძმის კავშირს აჰმედ ჩატაევთან და თბილისში გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციის სხვა მონაწილეებთან კავშირს. მისი განცხადებით, უდანაშაულო ტემირლან მაჩალიკაშვილი ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გაიმეტა.
„ჩემი ძმა დამნაშავე რომ არ არის, ეს მარტო მე კი არა მთელმა სოფელმა და პანკისის ხეობამ იცის. მტკიცებულება დაგვიდონ და გვითხრან, რომ თემირლანი დამნაშავეა. ჩემი ძმა ეხლა გახდა 19 წლის. აჰმედ ჩატაევს როგორ უნდა იცნობდეს. როდესაც ჩატაევმა დატოვა საქართველო, თემირლანი მცირეწლოვანი იყო. როდესაც ჩატაევი ჩამოვიდა თურქეთში, ჩემმა სახლში მჯდომმა ძმამ რა იცოდა. სამწუხაროდ ხელისუფლებამ ჩემი უდანაშაულო ძმა სასიკვდილოდ გაიმეტა. ის ეხლა სიკვდილს ებრძვის. ჩვენ სტრასბურგის სასამართლომდე მივალთ და მის უდანაშაულობას დავამტკიცებთ“, – განუცხადა knews.ge–ს ნატა მაჩალიკაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ პანკისის ხეობის სოფელ დუსის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა. ადგილობრივებს სიტყვით ჯერ მიმართა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამმა. ბექხან ფარეულიძის განცხადებით, ისინი ითხოვენ პასუხს ხელისუფლებისგან, რატომ ესროლეს სპეც დანიშნულების რაზმის წევრებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც ეძინა. სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ნეიროქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. მას ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე ისევ საკმაოდ მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.