დღეს პანკისში შეკრება ორ ადგილას გაიმართება
12 საათზე, სოფელ დუისის კულტურის სახლთან, ქალთა ჯგუფი, უხუცეს ქალთა და უხუცესთა საბჭო შეიკრებება. როგორც knews.ge–ს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა, სპეცოპერაციის დროს ახალგაზრდის დაჭრის და 5 ადგილობრივის დაკავების შესახებ სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
ზაურ გუმაშვილის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც ძალოვან უწყებებს სასწრაფო გამოძიებისკენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სპეცოპერაციის დროს დაიჭრა 19 წლის ტემირლან მაჩალიკაშვილი. როგორც მისი ოჯახის წევრებისგან გვაქვს ინფორმაცია, ახალგაზრდას სამართალდამცავებმა საწოლში ესროლეს. მათ უფლებამოსილებას გადაამეტეს. რაც შეეხება იმას, დამნაშავეები არიან თუ არა დაკავებულები, ჯერ წინასწარ ვერფაერს ვერ ვიტყვით. დაველოდებით გამოძიების დასრულებას“, – განუცხადა knews.ge–ს ზაურ გუმაშვილმა.
სოფელ დუისის ადმინისტრაციულ შენობასთან ადგილობრივებს შეკრებისკენ პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემაც მოუწოდა. შეხვედრა 14 საათზეა დაგეგმილი.
„დღეს, 2 საათზე, დუისის სოფლის გამგეობასთან ვიკრიბებით პანკისის ხეობის მოსახლეობა, სადაც განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ხეობის კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია იმამის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში გუშინ გამთენიისას ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისსა და ომალოში დააკავა 4 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი, ხოლო თბილისში – რამაზ მარგოშვილი. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.