ახალი ამბები

პანკისში სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ბრალდებული დაიჭრა

ინფორმაცია knews.ge–ს სოფელ დუისში ახმეტის მერის წარმომადგენელმა თამარ მარგოშვილმა დაუდასტურა. 
მარგოშვილის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბრალდებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„როგორც ვიცით, თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ნათესავებისგან გავიგე, რომ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა“, – განუცხადა knews.ge–ს თამარ მარგოშვიოლმა. 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩაატარა. დილის 4 საათიდან ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა. ომალოში ბადო ჩოფანაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დიდი რაოდენობის იარაღი ამოიღეს. სამართალდამცავებმა, ასევე, დააკავეს ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები. სამივე პირს, სავარაუდოდ, ბრალად აჰმედ ჩატაევის ჯგუფისთვის ხელშეწყობა ედებათ. 
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, სავარაუდოდ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. სუს–ის ინფორმაციით, 21–22 ნოემბერს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი, მათ შორის ახმეტ ჩატაევი, ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს.