დედოფლისწყაროს 3 სოფლის მოსახლეობა სადავო მიწის ნაკვეთებს გამოისყიდის
როგორც Knews.ge-ს ადგილობივებმა განუცხადეს, მათ იურიდიულად შექმნეს ე.წ. ამხანაგობა, რომელმაც ბანკთან ხელშეკრულება დადო. ადგილობრივების განცხადებით, მოსახლეობამ ვალდებულება აიღო, 1 ჰექტარი მიწა 1 700 ლარად 8 წლის განმავლობაში გამოისყიდოს. მათივე განმარტებით, ,,საქართველოს ბანკის“ მიერ მათთვის შეთავაზებული პირობა მისაღებია და მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნული მიწები უკვე გადაინაწილა და დამუშავება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში სამი სოფლის ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობამ აქცია გამართა და წინა ხელისუფლების დროს მიწების გასხვისება გააპროტესტა. მათი ინფორმაციით, 3600 ჰექტარი მიწა წინა ხელისუფლებამ კომპანია „ჯეო-აგროზე” ისე გაასხვისა, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, დღეს კი ის ”საქართველოს ბანკის” საკუთრებაა. ფერმერებსა და ბანკის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, “ საქართველოს ბანკი“ ადგილობრივებს გრძელვადიანი განვადების ხელშეკრულებას უპროცენტოდ გაუფორმებს და სამი სოფლის მოსახლეობა მიწით სარგებლობას კვლავ შეძლებს.