თელავში “თანასწორობის მოძრაობის” ოფისის ფანჯრების ჩამტვრევის საქმეზე გამოძიება დაიწყო
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.
ორგანიზაციის თელავის ოფისის მენეჯერის, ნინო ზაზაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორგანიზაციის წევრები უკვე დაკითხეს.
,,რამდენიმე დღის წინ სამსახურში დილით მივედი და ვნახე, რომ ორი ფანჯრის მინა იყო ჩალეწილი. ერთი ფანჯარა კი შეღებული, ალბათ ძლიერად დაარტყეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ის ფანჯრებია ჩამტვრეული, რომლებზეც შემდეგი შინაარსის პლაკატებია გაკრული : “ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივი არის ნებისმიერი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება”, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ეს დანაშაული ჰომოფობიური მოტივით არის ჩადენილი. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ჩვენც დაგვკითხეს’’,– განუცხადა knews.ge-ს ნინა ზაზაშვილმა.