თელავში ორგანიზაცია ,,თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები ჩაამტვრიეს
აღნიშნული ინფორმაცია Knews.ge-ს ორგანზაციის მენეჯერმა ნინო ზაზაშვილმა მიაწოდა. მისი განცხადებით, ოფისის ფანჯრები ჩამტვრეული მაშინ ნახა, როდესაც სამსახურში მივიდა. ზაზაშვილი თელავში ლგბტ თემის მიმართ მოსახლეობის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის გახშირებაზე საუბრობს.
,,12-იდან 18:00 საათამდე ვმუშაობთ. გუშინ 6 საათზე დავტოვე ოფისი და დღეს დილით 12 საათზე ვნახე, რომ ორი ფანჯრის მინა იყო ჩალეწილი. ერთი ფანჯარა კი შეღებული, ალბათ ძლიერად დაარტყეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ის ფანჯრებია ჩამტვრეული, რომლებზეც შემდეგი შინაარსის პლაკატებია გაკრული : “ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივი არის ნებისმიერი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება”, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ეს დანაშაული ჰომოფობიური მოტივით არის ჩადენილი’’,– განუცხადა knews.ge-ს ნინო ზაზაშვილმა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.