ახალი ამბები

თელაველმა მოსწავლეებმა ბიო დიზელის დამზადება დაიწყეს

ახალგაზრდების თქმით, იდეის განხორციელების სტიმული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადების შემდეგ გაუჩნდათ. მათივე ინფორმაციით, ინოვაციური გამოგონება კონკურსზე წარადგინეს და ათეულშიც მოხვდნენ. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მიღებული გამოცდილებით, გუნდმა, „ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში“ გაიმარჯვა და საქართველო ტალინში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, წარადგინა.

,,გზად სკოლისკენ, ხშირად ვხედავდით ეზოებში გადასაყრელად გამზადებულ ყურძნის წიპწას, ამიტომ დავიწყეთ მის მეორად გამოყენებაზე ფიქრი. უსარგებლო წიპწის გადამუშავებით, ბიოდიზელის მიღება გადავწყვიტე და სურვილი ქიმიის მასწავლებელს გავანდეთ, ვისი დახმარებითაც, იდეა პრაქტიკული ცდებით შევამოწმეთ და მისი განხორციელების შესაძლებლობაც ამით დავადასტურეთ“, –განაცხადეს ახალგაზრდებმა.

იდეის ერთ–ერთი ავტორის, თეონა ჩოხელის განცხადებით, მათი გამოგონებით რამდნიმე ბიზნესმენი უკვე დაინტერესდა. 

,,ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ რომ არ გაგვეგო, ჩვენი იდეა იდეად დარჩებოდა და ალბათ, არასდროს ვცდიდით მის პრაქტიკულად განხორციელებას. ვერც კი წარმოგვედგინა, ამ იდეას ასეთი დიდი წარმატების მოტანა შეეძლო. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბიზნესმენი უკვე დაინტერესდა ჩვენი ინოვაციით“,– განაცხადა თეონა ჩოხელმა.

ახალგაზრდები გეგმავენ ინოვაციური გამოგონების დაპატენტების მოთხოვნით საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.