თვითმმართველობის 10 წლიანი გზა დეცენტრალიზაციისკენ
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს. მთავრობის მეთაურმა მიუთითა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაწყვეტილების მიღების მხრივ გარკევული დელეგირება ექნებათ.
,,ჩვენ გვინდა, ფინანსების განაწილების დროს რეგიონებს გაცილებით მეტი დაფინანსება ჰქონდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კვალიფიციური ადამიანური რესურსი იქნას მოზიდული და ადგილზე კიდევ უფრო მოცულობითი პროექტები განახორციელონ. საჭიროებები, რომლებიც რეგიონებში არსებობს, ყველაზე კარგად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იციან. თითქოს ეს ბანალური შეჭმარიტება საკმაოდ რთულია განსახორციელებლად. გვექნება 10 წლიანი სტრატეგია, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ გავზარდოთ მშპ-ში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების მიმართულებით აბსოლუტურად ევროპულ დონეზე ავიდეთ”, – განაცხადა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დაფინანსების გაზრდის შესახებ ამ ეტაპზე, ინფორმაციას არ ფლობენ მუნიციპალიტეტებში. გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა მოიმატებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მეტ ჩართულობას.
,,ისედაც ძალიან ბევრ პროექტი გვაქვს დაგეგმილი. რაც შეეხება დაფინანსების გაზრდას, თუ ეს ასე იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტ საკითხს გადავჭრით როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში. დაფინანსდება მეტი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვა მიმართულებითაც“, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას არჩილ ხანდამაშვილმა.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მოქალაქეთა ინფორმირება და მათი აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში უმთავრესია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვის არსებული მექანიზმები ფორმალურია. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი მიიჩნევეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის დეცენტრალიზაცია კიდევ უფრო გართულდება.
,,თუ მუნიციპალიტეტის ორგანოები ბიუჯეტის, ან სხვა პროექტების დაგეგმვის პროცესში დაეკითხებიან მოსახლეობას, საბიუჯეტო სახსრები ბევრად უფრო ეფექტურად მოხმარდება პრობლემების გადაჭრას, რაც არის თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. საბიუჯეტო სახსრები არ დაიხარჯება ნაკლებმნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება მათი საქმიანობით“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც პრემიერის განცხადებით, 10 წელს გასტანს, დიდი დროა. მათ მიაჩნიათ, რომ ეფექტური რეფორმების გატარება მოკლე დროშიც არის შესაძლებელი.
,,არასდროს ვაკითხავ მერიას და მგონია, რომ არც აზრი აქვს ამას. არ ვიცი, რა შეიცვლება 10 წელიწადში, მაგრამ ცნობიერების ამაღლებით უნდა დაიწყოს რეფორმები. ჩატარდეს მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია. უნდა ვისწავლოთ, რომ ხალხის ხმა მიდიოდეს ჩვენივე არჩეულ მთავრობასთან. ისინი ვალდებულები არიან, მოუსმინონ ხალხს და ჩვენი პრობლემების გადაჭრაზე იზრუნონ. 10 წელი ძალიან დიდი დროა. ამასობაში რამდენი მთავრობაც გამოიცვლება, ყველა საკუთარი სტრატეგიით მოვა, ხალხს ისევ არაფერი ეშველება. მოდური გახდა ფრაზა, ჩართული უნდა იყო თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეგ არ ვიცით საკრებულოს სხდომები როდის ტარდება და მოსახლეობის ჩართულობაზე ლაპარაკი ზედმეტია“, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის მკვიდრმა, ცისანა გოგაშვილმა.