სტატიები

კახეთის მუნიციპალიტეტებში აიპიების რეორგანიზაცია იგეგმება

ორი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ თელავისა და თემის გაერთიანების შემდეგ რამდენიმე ერთი და იმავე ფუნქციის მქონე აიპი ორგანიზაციაა, რის გამოც თელავის მერიამ მათი გაერთიანება გადაწყვიტა. საკრებულომ აიპიების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მერიის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ქალაქში და თემში ერთნაირი არასამეწარმე არაკომერციული იურიდიული პირებია. რეორგანიზაციის პროცესი იტვალისწინებს მათ გაერთიანებას. ასევე გაერთიანდება ქალაქისა და თემის სპორტის აიპი. რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, იანვარში დასრულდება. რეორგანიზაციის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი აიპი იმუშავებს თელავის მუნიციპალიტეტში“,განუცხადა knews.ge–ს თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ოპოზიციისთვის ბუნდოვანია აიპი ორგანიზაციების ოპტიმიზაციის პროცესის ზოგიერთი საკითხი. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ სპორტის აიპის გაერთიანებას მხარი არ დაუჭირა, რადგან ამ მიმართულებით მერიის ინიციატივა გაუგებარია.    

„სპორტის აიპის გაერთიანებას მხარი არ დავუჭირე. მე მოხარული ვარ, რომ ერთი მიმართულებით მომუშავე ყველა აიპი მოექცეს ერთ სივრცეში. ქალაქ თელავისა და თემის სასპორტო გაერთიანებები ერთ აიპად ყალიბდება, მაგრამ ცალკე რჩება ჭიდაობის, კალათბურთის და სპორტის სხვა სახეობების აიპები. მათ გაერთიანებაზე საუბარი არ არის. ჩვენ კომისიაზე ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და მერიას წერილობით მივწერეთ, მაგრამ მერიიდან პასუხი არ მოგვსვლია. მე ვფიქრობ, რომ სპორტის ყველა სახეობა ერთ აიპში უნდა გაერთიანდეს“, – განუცხადა knews.ge–ს ბადურ რევაზიშვილმა. 

არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაცია იგეგმება ლაგოდეხშიც. მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ერთი და იმავე ფუნქციის აიპები გაერთიანდება. ჯონდო მდივნიშვილი არ აკონკრეტებს ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად რამდენი აიპი იქნება ლაგოდეხში.

„იგეგმება სამი აიპის გაერთიანება და ერთი აიპის ჩამოყალიბება. ერთნაირი საქმიანობისა და პროფილის აიპები გაერთიანდება. რეორგანიზაციის შედეგად, სავარაუდოდ, თანამშრომლები შემცირდებიან. ამ ეტაპზე უცნობია რომელი აიპები გაერთიანდება. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ყველა დეტალი მომავალი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი“, – განუცხადა knews.ge–ს ჯონდო მდივნიშვილმა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის საკრებულოს წევრი ევა ლომთაძე ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ურჩევს.

„როგორც ვიცი იგეგმება აიპების გაერთიანება. სხვა ინფორმაციას ხელისუფლება არ ავრცელებს, რაც არ არის კარგი. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ამ პროცესის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაასაჯაროვოს. აუცილებელია, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და პროფესიული ნიშნით შეირჩნენ თანამშრომლები, მაგრამ საეჭვოა ეს მოხდეს. ცოტა ხნის წინ აიპებიფან თანამშრომლები პროფესიული ნიშნით გაათავისუფლეს“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას ევა ლომთაძე.

საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპოტიმიზაციას აპირებენ სიღნაღსა და ყვარელშიც, თუმცა მერებს ამ ეტაზე დეტალური გეგმა არ აქვთ.          

„აიპები გაერთიანდება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რომელ ორგანიზაციებში განხორციელდება ოპტიმიზაცია. ამ საკითხს იურისტები სწავლობენ. აიპები, რომლებიც კულტურის მიმართულებით მუშაობენ, სავარაუდოდ, გაერთიანდებიან. ეს პროცესი დიდი ალბათობით გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას“, – განუცხადა knews.ge–ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია, განხორციელდება თუ არა არასამეწარმე არაკომერციული იურიდიული პირების ოპტიმიზაცია.