ბაკურციხელმა ნინო წინწალაშვილმა მწყრის კვერცხის წარმოება გააფართოვა
ახალგაზრდა ფერმერმა დაამზადა სპეციალური ეტიკეტი, რომელიც პროდუქციას დაურთო. ნინო ამბობს, რომ პროდუქციის ყიდვის მსურველებმა მოიმატა. ნინო წინწალაშვილს ამ ეტაპზე 1000–მდე მწყერი ჰყავს, თვეში საშუალოდ კი 1 500–მდე კვერცხს აწარმოებს, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ყიდის და ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მაღაზიაში შეაქვს.
ახალგაზრდა ფერმერი აცხადებს, რომ ბიზნესის დაწყების დღიდან საკმაოდ რთული გზა გაიარა, თუმცა ინოვაციურმა მიდგომამ, რომელიც პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით თავად მოიფიქრა, გაამართლა და მისი რეალიზაციაც გააორმაგა.
,,მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ გაიგო ჩემი ფერმის შესახებ, ინტერესი დიდი აღმოჩნდა. მეკითხებოდნენ მწყრის კვერცხის დადებითი თვისებების შესახებ და ყიდულობდნენ. სხვა დამწყები ფერმერები ჩემგან რჩევას იღებდნენ. შემდეგ მყიდველმა მალევე იკლო. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ყველაფერი, რაც საჭიროა ბიზნესის გასაფართოვებლად, ჩემმა პროდუქციამ ბაზარზე სტაბილურობა ვერ შეინარჩუნა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა ფერმის გაფართოვება. შევცვალე შესაფუთი ეტიკეტი, რომელსაც დავურთე ინფორმაცია მწყრის კვერცხის დადებითი თვისებების შესახებ. რაც შეეხება ეტიკეტს, მეგობარი ქეთევან კაცობაშვილი დამეხმარა. ამ ინოვაციამ გაამართლა და მყიდველმა იმატა. ამ ეტაპზე 1000–მდე მწყერი მყავს’’,– განუცხადა knews.ge-ს ნინო წინწალაშვილმა.
ახალგაზრდა მეწარმე წარმოებულ კვერცხს კახეთსა და თბილისში რამდენიმე მაღაზიასა და ინტერნეტ გვერდის „soplidan.ge“ საშუალებით ყიდის. იგი ამბობს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა ნელნელა იზრდება.
,,იმ მაღაზიების მომხმარებლები, სადაც ვაბარებ კვერცხს, უშუალოდ მიკავშირდებიან და მთხოვენ, რომ დროულად ჩავაბარო კვერცხი. ადამიანების დიდი ნაწილი ახლა უფრო დაინტერესებულია ამ ჯადოსნური, დაწინწკლული კვერცხებით, ვიდრე ეს თუნდაც ერთი წლის წინ იყო. აქტიურად იყენებენ სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, ასევე ბავშვებისათვის. ვფიქრობ პროდუქტს ყველასთვის მისაღებ ფასად ვყიდი. ჩემ მიერ წარმოებული მწყრის კვერცხი 2,50 ლარი ღირს. თვეში საშუალოდ 1 500 კვერცხს ვაწარმოებ, თბილისში soplidan.ge–ს საშუალებით ვყიდი, და თელავის ერთ მაღაზიაში ვაბარებ. ასევე იყიდება გურჯაანში და ბაკურციხეში განთავსებულ მაღაზიებში.’’
ნინო წინწალაშვილმა მწყრების ფერმა გასულ წელს გააშენა. ახალგაზრდა ფერმერმა სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა და საყვარელი საქმე ბიზნესად აქცია.
ნინო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია, თუმცა ამბობს, რომ სწავლა მცირე ბიზნესის წარმოებაში ხელს არ უშლის.
,,მწყრის ბიზნესის წარმოებაში პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დამეხმარა. მათ დამაფინანსეს 5 000 ლარით. დაფინანსებამდე რამდენიმე თვით ადრე მე უკვე მყავდა რამდენიმე ათეული მწყერი. მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ ინტერნეტში წაკითხული “ჯადოსნური” თვისებები მწყრის კვერცხის შესახებ მითი არ იყო, გადავწყვიტე ამის შესახებ ყველასთვის გამეგებინებინა. დავწერე ბიზნეს გეგმა და რამდენიმე ეტაპზე გადასვლის შემდეგ დამაფინანსეს’’, – განუცხადა knews.ge-ს ნინო წინწალაშვილმა.