საგარეჯოში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
,,გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა. აღდგენილი საირიგაციო სისტემით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა ისარგებლებს”, – განაცხადა knews.ge-სთან საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ბუკიამ.
პროექტის ღირებულება 4 823 000 ლარია, რომელიც 2018 წლის ოქტობერში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, რეგიონებში გაიზრდება გახსნილი სერვისცენტრების ფუნქციური დატვირთვა, რაც აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.
,,გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც სარწყავი წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენას უფრო ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, რეგიონებში შეიქმნა საკოორდინაციო შტაბები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ რწყვის პროცესს. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს რწყვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01″, – განაცხადა არჩილ ბუკიამ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სოფლებშია. ისინი ჩივიან, რომ ზაფხულში, გვალვის გამო ვენახები ფუჭდება, უწყლოობის გამო კი ერთწლიანი კულტურები ხმება.
,,აღარც მახსოვს რამდენი წელია სარწყავი სისტემის პრობლემებზე ვლაპარაკობთ. არც მოსავალი მოდის ნორმალურად, ბევრი პრობლემის გადალახვა გვიწევს. შრომას ვინ ჩივის, ვალებით ვრწყავთ ნაკვეთებს და ვყიდულობთ, რაც საჭიროა მიწის დამუშავებისთვის თუ ხეხილისთვის. წყალიც ძვირია მანქანებით რომ მივიტანოთ ნაკვეთამდე. ყოველ წელს პრობლემის გამო ვზარალდებით. გასულ წელს გვალვის გამო ვენახები და ხეხილის ბაღები გახმა. ამიტომაც არის რომ ყოველ წელს უფრო ნაკლები ადამიანი ამუშავებს მიწას, სოფელში ცხოვრებაც აზრს კარგავს”, – განუცხადა knews.ge-ს იმედა ბურნაძემ.
მევენახეების განცხადებით, საირიგაციო სისტემის ძირეული რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რომ წყლის დანაკარგი დიდი არ იყოს და ნაკვეთამდე მივიდეს.