გურჯაანის საცურაო აუზი 25 დეკემბრიდან 1 თვით დაიკეტება
“საცურაო აუზის სპეციფიკიდან გამომდინარე 25 დეკემბრიდან სპორტული ჯგუფები დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას. ეს შეზღუდვა აბონენტებზეც გავრცელდება. აუზში წყალი გამოიცვლება და სპეციალური ხსნარით დამუშავდება. ჩვენი ვარაუდით, სპეციალისტები სამუშაოს 25 იანვრამდე დაასრულებენ და საცურაო აუზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას”, – განაცხადა არჩილ გოგიაშვილმა.
გურჯაანის საცურაო აუზი 2017 წლის მარტში გაიხსნა. ბავშვებისათვის ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება 30 ლარია, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარით განისაზღვრება. მომხმარებლებს აბონემენტის გამოყენება კვირაში ორჯერ შეუძლიათ. ამ ეტაპზე გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვას 300-მდე ბავშვი სწავლობს.
გურჯაანის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წელს ჩატარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში სპორტკომპლექსში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყო. საცურაო აუზის გახსნისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან 45 ათასი ლარი დაიხარჯა.