ახალი ამბები

შაშიანელი მოსწავლეების მიერ გადაღებულმა ფილმმა საქართველოს კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ფილმი მოსწავლეებმა პროექტ „თავისუფალი გაკვეთილების“ ფარგლებში თავად გადაიღეს. 13 წუთიან ფილმში ყურადღება გამახვილებულია სკოლებში ძალადობის პრობლემაზე – ბულინგზე. 

,,ძალიან სერიოზული პრობლემაა ბულინგი. სამწუხაროდ ამ პრობლემას არც თუ ისე მცირე მოსწავლე ეწირება. რამდენიმე წლის წინ კახეთში ვიცით, რომ ერთ-ერთი მოსწავლე თანატოლებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ამ სერიოზული პრობლემის გამო გადავიღეთ ფილმი “ცხოვრების ნირი”, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. ამ ფილმში სამსახიობო როლები თავად ჩვენ მოვირგეთ. ფილმი სოფლის ტერიტორიაზე გადავიღეთ. მის გადასაღებად 2 დღე დაგვჭირდა”, – განუცხადა knews.ge-ს შაშიანის საჯაროს სკოლის მოსწავლემ, ნანა მესხიშვილმა. 

კულტურის მინისტრმა გამარჯვებულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტში ,,კინო სკოლაში” სულ 200 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.