სირიაში გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს
ინფორმაციას გაზეთ “კვირის პალიტრის” ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს. მისი განცხადებით, სირიაში, ჰამასის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე ფეიზულ მარგოშვილი და სალაჰაუდინ ალ შიშანი გარდაიცვალა. გიორგი კუშტანაშვილი სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა
“კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება “ჰაიატ ტახრირ ალ შამის” რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება “ფრონტი ან ნუსრას” ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო”, – აცხადებს ნინო ბურჭულაძე.
39 წლის დუისელი გიორგი კუშტანაშვილი 2012 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი გადარჩენილი წევრია, რომელიც ჯგუფში ნიღბით იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კუშტანაშვილი სპეცოპერაციის დროს 17 კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის შემდეგ კი კუშტანაშვილმა საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო–გამშვები პუნქტის პუნქტის გავლით დატოვა და თურქეთში გადავიდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი წავიდა საბრძოლველად და უკვე 26 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს გარდაიცვალა.