საგარეჯოში გოგრის, ტყემლის და ხურმის არყის წარმოება დაიწყეს
ალკოჰოლური სასმელების წარმოება კომპანია „ჯორჯიან სპირიტ კომპანიმ” დაიწყო.
საგარეჯოს რაიონის სოფელ მზისგულში ხილისა და ყურძნის გადამამუშავებელი კომპანია უკვე აშენდა. საწარმოში, ასევე, დამზადდება ქლიავის, თუთის, ვაშლისა, ფეიხოას, ნესვის, შინდისა და ატმის არაყიც. როგორც პროექტის დირექტორმა დავით თოდუამ knews.ge–ს განუცხადა, პროდუქცია გამორჩეული იქნება უნიკალური გემოვნური თვისებებით, რომლითაც სხვა კომპანიების ნაწარმს გაუწევს კონკურენციას.
„ბევრი კომპანია აწარმოებს არაყს, მაგრამ ჩვენი პროდუქცია იქნება განსაკუთრებული და გამორჩეული. ჩვენ გოგრის, ტყემლისა და ხურმის არყის წარმოება უკვე დავიწყეთ. ხილი ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარეთ. ჩვენ მომხმარებელს სეზონის შესაბამისად, ასევე, შევთავაზებთ ფეიხოას, შინდის, თუთის, მსხლის, ატმის და ნესვის არაყს. გარდა ამისა, ხილისა და ყურძნის გადამუშავების საწარმო სხვა მიმართულებითაც იმუშავებს. მომსახურებას, სხვადასხვა სახის კონსულტაციას გავუწევთ მეღვინეებს და სურვილის შემთხვევაში ღვინოსაც გამოვუხდით“, – განუცხადა knews.ge–ს დავით თოდუამ.
კომპანია პროდუქციას საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. თოდუას ინფორმაციით, სამომავლოდ არაყს ექსპორტზეც გაიტანენ. ერთი ლიტრი არყის ფასი 20–25 ლარი იქნება.
„ჩვენ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. პირველ ეტაპზე არაყს კახეთის ყველა რაიონში და, ასევე, თბილისის მაღაზიებში გავყიდით. შემდეგ ვაპირებთ წარმოება გავზარდოთ და ჩვენი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდოს“, – აღნიშნა თოდუამ.
უახლოეს მომავალში კომპანია შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღებასაც დაიწყებს. დავით თოდუას განცხადებით, ლუდის წარმოებისთვის ნედლეულს გერმანიიდან შემოიტანენ.