სტატიები

თელავი ყველაზე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდა

ანგარიშის მიხედვით, გამჭვირვალობის მხრივ მეორე ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტის გაუქმებულმა გამგეობამ, რომლის საერთო მაჩვენებელი შეადგენს 41%–ს. პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, თუმცა აღამასრულებელი ორგანოების ჩამონათვალში მეექვსე ადგილს იკავებს 39%–იანი მაჩვენებლით.
რაც შეეხება საკრებულოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებას, ამ კუთხით საუკეთესო შედეგი აჩვენა თელავის თემისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა. ამ მიმართულებით თელავის თემის წარმომადგენლობითი ორგანოს მაჩვენებელი 50%–ია, ხოლო ლაგოდეხის კი– 43%.
,,კვლევის ფარგლებში შეფასდა მუნიციპალიტეტების ღიაობა, ანგარიშვალდებულება და თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობა. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა ძირეული წინსვლები და ეს აისახა შეფასებაშიც. კვლევაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მეექვსე ადგილს იკავებს“, – განუცხადა knews.ge-ს ლაგოდეხის ყოფილმა გამგებელმა კახა ჯამბურიამ, რომელიც ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარეა. 
რეგიონის თვითმმართველი ერთეულების მერები სამომავლოდ აქტიურ მუშაობას აპირებენ, რათა შემდეგში მათი მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსი გაიზარდოს.
ონლაინ პლატფორმამ, კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 71 მუნიციპალიტეტი შეაფასა. კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ინდექსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა: თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა გავიდა მეორე ადგილზე 44%–ით, ლაგოდეხს ერგო მეექვსე ადგილი 39%–ით. სიღნაღის მუნიციპალიტეტი იკავებს მერვე ადგილს 32%–ით, გურჯაანის მუნიციპალიტეტი 21–ე ადგილზეა 24%–ით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი 22–ე ადგილზე 24%–ით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი გავიდა 35 –ე ადგილზე 21%–ით, დედოფლისწყაროს ერგო 37–ე ადგილი და მისი მაჩვენებელი 19%–ია, ახმეტა დაიკავა 38–ე ადგილი 19% –ით, ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტი კი გავიდა მე–40 ადგილზე 19%–ით. 
ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ერთ–ერთ მთავარ საკითხად სწორედ გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებას ასახელებენ. 
,,ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის გამჭვირვალობის ერთ–ერთი ფაქტორია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თვითმმართველობის განვითარებასთან ერთად ვითარდება ქალაქი, ადგილობრვი ეკონომიკა და ცხოვრების დონე. თელავში ბოლომდე რომ განხორციელებულიყო თვითმმართველობის რეფორმა, შეიქმნებოდა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 ან 4 სხვა მუნიციპალიტეტი მიმართულებების მიხედვით. ეს მათ საშუალებას მისცემდა, უფრო მეტად ყოფილიყვნენ ფოკუსირებული ადგილობრივ პრობლემებზე’’, – განუცხადა knews.ge-ს თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებში გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით სავალალო მდგომარეობაა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტი მუდმივად უჭირდათ. 
,,როდესაც მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს მოქალაქეების შეფასება, გასათვალისწინებელია ქალაქსა და სოფელში მცხოვრებლების შეხედულებები. არასდროს მიმიმართავს გამგეობისთვის, შენობაშიც არ ვყოფილვარ. გინდაც რამე დამჭირდეს, მიმართვას აზრი არ აქვს. არც შენს აზრს ითვალისწინებენ და არც გისმენენ და ანგარიშს ვის აბარებენ. თუ ანაგარიში არ ჩააბარეს ხალხს, გამჭვირვალეები როგორღა არიან, რას ნიშნავს გამჭვირვალე მუშაობა, როცა მოსახლეობამ საკრებულოს სხდომის ჩატარების თარღიც კი არ იცის?“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის მკვიდრმა, ცისანა თულიანმა.
,,მოსახლეობა არ ესწრება საკრებულოს სხდომებს და არ აქვთ ინფორმაცია თვითმმართველობის მუშაობის შესახებ. ერთ–ერთ მიზეზად მოსახლეობის ინდეფერენტულობა შეიძლება დავასახელოთ. საზოგადოების დიდ ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ჩართულობას თვითმმართველობის საკითხებში აზრი არ აქვს”,–ამბობს knews.ge-სთან საუბრისას საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი.
მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების აგზრდის მიზნით, თვითმმართველობის რეფორმას რომ კორექტირებები სჭირდება, ამ საკითხზე საუბრობს პრემიერ-მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას. მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, ადგილობრივი თვითმმართველობა კიდევ უფრო უნდა ჩაიშალოს დაბალ მუნიციპალურ დონეებზე.
კვლევა კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული ინდექსით ქვეყნის მუნიციპალიტეტები 2019 წელსაც შეფასდებიან.

გრაფიკა: მაკა ხაზიური