თამთა მამულაიძემ ყვარელში ხოხობების მოშენება დაიწყო
როგორც knews.ge-ს მამულაიძემ განუცხადა, ეგზოტიკური ფრინველების მოშენება მათი განსაკუთრებული გემოვნური თვისებების და ბაზარზე პროდუქციის მოთხოვნის გამო გადაწყვიტა. მამულაიძეს ყვარელში სამასკვერცხიანი ინკუბატორი აქვს მოწყობილი.
“ოქტომბრიდან დავიწყეთ ეგზოტიკური ფრინველების მოშენება. პირველ ეტაპზე ჯერ ცოტა რაოდენობის ფრინველი გვყვავს, რათა ამ მიმართულებით გამოცდილება შევიძინოთ. ჩვენ გვინდა, რომ ყვარელში მოვაწყოთ ღია ვოლიერი. აქცენტს ვაკეთებ ქართულ ჯიშზე. ეგზოტიკური ჯიშის ფრინველების მოშონება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ის გამოირჩევა გემოვნური თვისებებით. ხოხობის ოჯახურ პირობებში გაზრდა მის გემოვნურ თვისებებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. პროდუქცია სამონადირეო მეურნეობების გარდა, ეგზოტიკური კერძებისთვისაც ძალიან კარგი იქნება. ვმონაწილეობ “აწარმოე საქართველოში” და თუ მოვიპოვებ დაფინანსებას, ეს იქნება წინაპირობა რომ, ეგზოტიკური ფრინველების მოშენებისათვის შესაბამისი პირობები შევქმნა”, – განუცხადა knews.ge-ს თამთა მამულაიძემ.
ფერმერის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე პროდუქციას ყვარელში გაყიდის.
“ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ არის ეგზოტიკური ფრინველების კვერცხები და რეალიზაცია რთული არ იქნება. პროდუქციას ყვარლის ბაზარზე გავყიდი. საქართველოს სხვა კუთხეში რეალიზაციას საწყის ეტაპზე არ ვგეგმავ, რათა ადგილობრივი ბაზარი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ”, – აღნიშნა მამულაიძემ
თამთამ ფერმერული საქმიანობის დაწყება პირველად 5 წლის წინ სცადა, თუმცა ექსპერიმენტმა არ გაამართლა. მეუღლისა და საკუთარი დანაზოგით სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოყვანა 12 ძროხის ხბო, რომელთაგან მხოლოდ 2 გადარჩა. ორი წლის წინ კი თანამედროვე ინკუბატორის მოწყობილობა შეიძინა. ინკუბატორში წიწილები 30 დღის განმავლობაში იჩეკება.
თამთა მამულაიძე განათლების სამინისტროს ერთ-ერთ სააგენტოში მონიტორინგის სამსახურში მუშაობს. ის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრიც არის. ფერმერი სამომავლოდ გეგმავს, ყვარელში ახალგაზრდებისათვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სემინარები ჩაატაროს.