ახალი ამბები

სპეცოპერაციის სამიზნე ბინა პანკისის ხეობის მკვიდრის სახელზეა რეგისტრირებული

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რეგინფო“ ავრეცელებს. გამოცემის ცნობით, მერი ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრია და მეუღლესთან ერთად, თბილისში, ისნის რაიონში ცხოვრობს. როგორც ხანგოშვილმა სააგენტო „რეგინფოს“ განუცხადა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინა მას დაახლოებით 6 წლის წინ თინა გაურგაშვილმა გადაუფორმა.
„ჩემი ნათესავი გოგონა თინა გაურგაშვილის შვილის, ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლე იყო. როდესაც თინა საქართველოდან ავსტრიაში მიდიოდა, თავის შვილთან და რძალთან ერთად, თბილისში მდებარე ბინა ჩემს სახელზე გადმოაფორმეს. თუმცა, ფაქტობრივად ბინა ისევ მათი იყო. თინა საქართველოდან წავიდა, მაგრამ მისი შვილი და რძალი საზღვარზე არ გაატარეს. ამის შემდეგ ბინა ფორმალურად ჩემზე დარჩა გაფორმებული, თუმცა მისი გასაღები ასლანბეგს ჰქონდა და ბინას ის პატრონობდა. თუ გააქირავა და იქ ვინმე შეუშვა, ეს მე არვიცი. მაგრამ მითხრეს, რომ წუხანდელის შემდეგ სპეცოპერაცია ვის მიმართაც მიმდინარეობს, ისინი იმ ბინაში ყოფილან. მათ იმ ბინაში უცხოვრიათ, რომელიც ჩემს სახელზეა გაფორმებული. მე არ ვიცი, ვინ არიან ისინი, “, – განაცხადა მერი ხანგოშვილმა.
„რეგინფოს“ ინფორმაციით, რომელიც სააგენტოს ჯაბრაილოვის ახლობლებმა მოაწოდეს, ბინა ასლანბეგ ჯაბრაილოვმა დაახლოებით ერთი თვის წინ, ნათესავის დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გააქირავა. ჯაბრაილოვი დუისის პოლიციაში დაკითხვაზეც იმყოფებოდა. 
გუშინ გვიან ღამიდან ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რომელიც ,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ჯავშანტექნიკა ტერიტორიას უკვე ტოვებს. სამართალდამცველებმა შტურმი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელეს. სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა სპეციალური დანიშნულების რაზმის 1 თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს–ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 1 ბრალდებული. სავარაუდო ბრალდებულები არ არიან საქართველოს მოქალაქეები.