სტატიები

კახეთში ბიოსფერული რეზერვატის შექმნა იგეგმება

ნაკრძალის შექმნის საკითხზე სამუშაო შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე გაიმართა. 
როგორც Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, ქართველ და გერმანელ სპეციალისტეთან შეხვედრა მიზნად ისახავდა გერმანიაში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტისთვის ბიოსფერული რეზერვატის შესაქმნელად რეკომენდაციების შემუშავებასა და სხვადასხვა ქვეყნის მხარეებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. 
,,ვისაუბრეთ იმ სარგებელზე, რომელსაც ბიოსფერული რეზერვატის შექმნა მოუტანს დედოფლისწყაროს როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი საკითხების თვალსაზრისით’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
გარემოს დაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბიოსფერული რეზერვატი იქმნება სასიცოცხლო გარემოს შეარჩუნების, გარემოს გლობარული მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეციული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. 
,,ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ- ანთროპოგენული ობიექტი. ესენია: ბიომენის წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები; განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები; მოცემულ ბიომენში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები; ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს “ადამიანი და ბიოსფეროს” იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო. ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონისგან; ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონისგან; აღდგენისა და ტრადიციული კულტურული ლანდშაფტის ზონებისგან’’, – აცხადებენ გარემოს დაცვის ექსპერტები.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესახებ სამუშაო ჯგუფი „საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალი“ რამდენიმე წელია შეიქმნა, რომელიც ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალს სწავლობს. უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის მიზანია ბიოსფერულ რეზერვატთან დაკავშირებული არსებული მდგომარეობისა და საერთაშორისო პრაქტიკის განხილვა, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება.
,,საკითხთან დაკავშირებული ეტაპობრივად განსახორციელებელი ღონისძიებები მხარდაჭერილია პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ხელშემწყობი რეგიონული მოდელი საქართველოში მათი შექმნის პოტენციალისა და განხორციელების შესაძლებლობის კვლევის“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა „საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის განვითარების შესაძლებლობების კვლევა“, რომლის შესაბამისად გამოვლინდა ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისთვის ყველაზე ხელსაყრელი რეგიონები. აღნიშნული კვლევის საფუძველზე განხორციელდა დამატებითი შესწავლა „კახეთში, ბიოსფერული რეზერვატის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება“, რომლის განხილვა და წარდგენა უკვე გაიმართა დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით”,– განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.