უფასო საგადასახადო მრჩეველი მეწარმეებს
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი უწყების პოზიციონირებას უკვე წლებია ახდენს, არა მხოლოდ როგორც კანონმორჩილების დონის ზრდის უზრუნველმყოფი და სამართალდარღვევათა გამომვლენი ორგანო, არამედ როგორც ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და შესაბამისად, სამართალდარღვევათა პრევენციაზე, განსაკუთრებული ძალისხმევით მომუშავე ინსტიტუცია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა.
მეწარმეების თქმით, პირადი საგადასახადო მრჩევლის Privé-ს სერვისი მნიშვნელოვანია, რადგან პერსონალური საკონსულტაციო მომსახურების საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე ინფორმაცია მიიღონ.
,,ვფიქრობ, ეს იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, გამარტივებული ეფექტური სერვისი, რომელიც კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ხელს შეგვიყობს ჩენი საქმის მარტივად მოგვარებაში”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ბონდო ზარდიაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო მრჩეველი ახალ საწარმოებს ბიზნესსაქმიანობის სწორად და ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება. კერძოდ, საგადასახადო მრჩეველი მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებასა და მათთვის კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობაში გაუწევს პერსონალურ კონსულტაციას.