,,თელავის სოფლებში მოსახლეობის უმეტესობა შეშით თბება”
თელავის მე-2 საჯარო სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეებმა გამოიკვლიეს თუ რით თბება მოსახლეობა, რა ჯიშის ხეების გამოიყენება დასაწვავად, როგორ მოიპოვებენ მას და იციან თუ არა მათ ალტერნატიული საწვავის შესახებ.
მოსწავლეებმა კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს ჩაატარეს 50 ადამიანთან. გამოკითხულთა 70%
ზამთარში სათბობად შეშას მოიხმარს.
,,კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოფლის მოსახლეობის 70 % გასათბობად შეშას იყენებს, ნაწილი კი ბუნებრივი აირით თბება. მათ შეშა მოაქვთ უახლოესი ტყიდან. მოსახლეობის დიდი ნაწილი სატვირთო ავტომობილებით სპეციალური მომსახურებით სარგებლობს, ნაწილს კი თვითონ მოაქვს შეშა. ძირითადად რცხილას იყენებენ საწვავად. სოფელში ფიჩხის გამოყენება უფრო მასობრივია. ნედლი შეშით მოსახლეობის დაახლოებით 5 % სარგებლობს, ამის მიზეზად ასახელებენ უფულობას, რის გამოც შეშა თავის დროზე ვერ მოიმარაგეს”, –აცხადებენ ეკო-კლუბის წევრები.
გარემოს დაცვის ექსპერტების ინფორმაციით, იმის გამო რომ სოფლებში შეშას სათბობად ისევ იყენებენ, უახლოეს რამდენიმე წელიწადში საქართველო შესაძლოა, შეშის რესურსის გარეშე დარჩეს.
“შეშის არსებული რესურსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა. ასეთ ფონზე მოსახლეობა და საბიუჯეტო ორგანიზაციები შეშას თავისუფლად მოიხმარენ, თითქოს არც კი არსებობდეს პრობლემა. კახეთს თვითონ არ აქვს საკმარისი რესურსი და ამ დროს შეშით ქვემო ქართლის ნაწილსაც ამარაგებს. პრობლემაა ისიც, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები სათბობად შეშას იყენებენ, მათ შორის იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ტერიტორია მეტ-ნაკლებად გაზიფიცირებულია. ეს უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გათვლით, შეშა საქართველოში დეფიციტური გახდება”, – განაცხადა CENN-ის კოორდინატორმა კახეთის რეგიონში კახა სუხიტაშვილმა.