სტატიები

თელავის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს

დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი არჩილ თხლაშიძე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. თხლაშიძის კანდიდატურას საკრებულოს ოცდაექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ხუთი დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა. თხლაშიძის მოადგილე კი „ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომერი, გიგა ორკოდაშვილი გახდა. 
„პირველ რიგში მადლობა უმრავლესობას, რომელმაც მხარი დამიჭირა და ხმა მომცა. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ საკრებულოს სრულ შემადგენლობასთან ერთად მომავალი ოთხი წლის მანძილზე ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გვექნება თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის“, – განუცხადა knews.ge–ს არჩილ თხლაშიძემ. 
ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძის არჩევის წინააღმდეგი იყო. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ არჩილ თხლაშიძე იყო წინა მოწვევის საკრებულოს ერთ–ერთი დეპუტატი, რომელმაც თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას დაუჭირა მხარი. რევაზიშვილის განმარტებით, ამ ფაქტორის გამო მისთვის მიუღებელია წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის გადაწყვეტილება თხლაშიძის არჩევის შესახებ. 
„არჩილ თხლაშიძეა ის პიროვნება, რომელმაც ქალაქ თელავის თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებას დაუჭირა მხარი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მარაზმია, ხელმეორედ რომ იქნა არჩეული დღეს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე“, – განუცხადა knews.ge–ს ბაადურ რევაზიშვილმა. 
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებმაც თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება და მუნიციპალიტეტების გაერთიანება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი, ასევე, ახლადარჩეული საკრებულოს კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ.
„ეს არ არის თვითმმართველობა, ეს არის ავტორიტარიზმის გამოვლინება. ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის არავის არაფერი არ უკითხავს, ისე გააუქმეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი“, – განუცხადა knews.ge–ს არჩილ მჭედლიშვილმა. 
მმართველ გუნდში კი არჩილ მჭედლიშვილის მოსაზრებას არ იზიარებენ. „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის, ლევან კოჭლოშვილის აზრით, როდესაც საკრებულომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მხარი დაუჭირა, დეპუტატებმა მოქალაქეების მოსაზრება გაითვალისწინეს. 
თელავის ახლადარჩეულმა საკრებულომ 5 კომისიის თავმჯდომარეც აირჩია. 
სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან კოჭლოშვილი გახდა, იურიდიულ საკითხთა კომისიას ნანა ხვისტანი უხელმძღვანელებს, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიას – დავით გოგოშვილი,
სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიას – დავით ღაღანიძე, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას კი ალექსანდრე შათირიშვილი. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 20 მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული 15 წევრია. ,,ქართულ ოცნებიდან“ საკრებულოს წევრია 27დეპუტატი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ – 5, ,,ევროპული საქართველოდან“ – 2, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ კი – ერთი.