სიღნაღის მერმა სამივე მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა
გიორგი გოგილაშვილმა სამივე მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა.
გამგებლის ყოფილი მოადგილის, ეკა ჩახნაშვილის ინფორმაციით, გიგილაშვილი მათთვის ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს.
მისი თქმით, ის უსამართლოდ გაათავისუფლეს, რადგან გამგებლის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდი მუნიციპალიტეტისთვის ნაყოფიერი იყო და მას ამ ხნის განმავლობაში საყვედური და შენიშვნა არ მიუღია.
,,ახალი მერის მოსვლის შემდეგ უფლებამოსილება ყველა მოადგილეს უწყდება, მაგრამ მას შეეძლო ჩვენთვის გაეგრძელებინა ხელშეკრულება. მან პირველივე დღეს ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი და სამივე მოადგილეს ჩაგვაბარა. გვითხრა ვიცი, რომ კარგად იმუშავეთ, ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ სახლში უნდა გაგიშვათო. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემ მიმართ არის უსამართლო. თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა არ ვიცი, მაგრამ მე ვარ ,,ქართული ოცნების” რეგიონული ბიუროს წევრი, 2012 წლიდან პარტიის აქტივისტი. გარდა ამისა, გამგებლის მოადგილედ მუშაობის პერიოდში არანაირი გაფრთხილება და საყვედური არ მიმიღია. როდესაც აუდიტი იყო შემოსული გამგეობაში და გასული წლების ფინანსური დოკუმენტაცია შეამოწმეს, ყველა სტრუქტურაში იყო შენიშვნები და ერთადერთი ჩემი მიმართულება, სოციალური და კულტურის სფერო იყო, სადაც ვერანაირი ხარვეზი ვერ იპოვეს. მაშინაც, როცა მუნიციპალიტეტის ახალი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი გახდა, პირდაპირ დამადო ხელი და მაშინდელ გამგებელს უთხრა, გავეშვი სამსახურიდან. დავით ჯანიკაშვილმა არ გამიშვა, რადგან ამისი საფუძველი არ ჰქონდა. ან მაშინ და ან ახლა არ ვიცი, რატომ ვიყავი გასაშვები სამსახურიდან. დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ გადავწყვეტ, რას მოვიმოქმედებ. მე, ასევე, ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალები სმაართლიანობისთვის” წევრი, მე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩავაყენე. ისინი მე მხარს მიჭერენ და გვერდში დამიდგებიან”,- განუცხადა knews.ge-ს ეკა ჩახნაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გოგილაშვილის მოადგილეების გათავისუფლებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერია.
,,როდესაც ახალი მერი მოდის, მოადგილეები ავტომატურად თავისუფლდებიან. მე არაკანონიერად არ მოვქცეულვარ, შემეძლო გამეგრძელებინა ხელშეკრულება მათთვის, მაგრამ ასეთი გადავწყვეტილება მივიღე. ახალი მოადგილეების შესახებაც ჯერ არ მიმღია გადაწყვეტილება, სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოზიციებს”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი გოგილაშვილმა.