ახალი ამბები

ვინ განიხილება თელავის მერის მოადგილეების თანამდებობებზე?

თელავის ვიცე–მერის თანამდებობაზე მოიაზრება გიგა თუშიშვილი, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს ბანკის თელავის ფილიალის ხელმძღვანელი იყო. შოთა ნარეკლიშვილის მეორე მოადგილედ კი განიხილება ალექსანდრე საჩიშვილის კანდიდატურა, რომელიც ქალაქ თელავის მერის მოადგილედ მუშაობდა. knews.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა თელავის მუნიციპალიტეტის მერს.

როგორც knews.ge–ს შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, მოადგილეების და სამსახურის უფროსების ვინაობას უახლოეს მომავალში დაასახელებს. 
„ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ, ვინ იქნებიან ჩემი მოადგილეები და მერიის სამსახურის უფროსები. რაც შეეხება ჩემი მოადგილეების კანდიდატურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ვერაფერს გეტყვით. ჯერ გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული“, – განუცხადა knews.ge–ს შოთა ნარეკლიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მერი საკრებულოს წარუდგენს მოადგილეებისა და სამსახურების უფროსების კანდიდატურებს, რომლებიც, მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, დაინიშნებიან აღნიშნულ თანამდებობებზე.