ილტოს წყალსაცავი სოფელ ჭართალაში აშენდება
წინასაპროექტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
„პროექტის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ილტოს ხეობის სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ერთია, რომ წყალსაცავის ფუნქციონირება წყლით მომარაგების, ფართობების გასარწყავიანების და ენერგეტიკულ პროცესებს არეგულირებს, რასაც თავისთავად სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ილტოს ხეობაში ტურისტულ-რეკრეაციული ზონის და სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის მოადგილემ გელა სამხარაულმა.
წყალსაცავი, რომლის სიმაღლე 118 მეტრი, ფართობი კი დაახლოებით 200 ჰექტარია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში აშენდება. წყალსაცავი დაახლოებით, კახეთის 45 ათასი ჰექტარი მიწის გასარწყავიანებას შეძლებს. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კახეთის რეგიონს გვალვის პრობლემა თითქმის სრულად მოეხსნას.