სტატიები

თელავის მერობის კანდიდატი მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

აღნიშნულ საკითხზე მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა და სოფელ რუისპირის #28 საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეო მასალა წარმოადგინა.
ბოტკოველის მტკიცებით, ვიდეო მასალაში ასახულია საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, გამგეობის თანამშრომლებისა და სახელისუფლებო პარტიის სოფლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეკრება. მერობის კანდიდატმა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა. 
,,ამ საარჩევნო პერიოდში მუდმივად ვსაუბრობთ, რომ არაერთ კანონდარღვევას აქვს ადგილი. ჩვენ გავასაჯაროვეთ ფაქტი, სადაც ჩანს, თუ როგორ არის მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების გაყალბებისთვის. გუშინ, საღამოს 8 საათზე, რუისპირის #28 საარჩევნო უბანზე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი, გამგეობის თანამშრომლები და არაერთი საჯარო მოხელე იყვნენ შეკრებილები, ეს მაშინ, როცა 6 საათზე უკვე დაკეტილი უნდა იყოს უბანი. ეს არ არის ერთი ფაქტი, რითიც ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები. ასევე გაბერილია გადასატანი ყუთის სიები, სადაც ისეთი ადამიანები ჰყავთ ჩაწერილი, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ და სახლში მიდიან, რომ იქ დააკვირდნენ, ვის მისცემს ხმას. ამ შემთხვევაში უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი და ამაზე უნდა იმსჯელოს როგორც საოლქო–საარჩევნო, ისე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და აღნიშნულ პირებს დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა’’, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა. 
თელავის მერობის კანდიდატის ბრალდებებს ,,ქართული ოცნების“ თელავის ოფისში პასუხობენ. პარტიის თელავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველის ბრალდებებს უსაფოძვლოს და პროვოკაციულ უწოდებს. ბენო გეგჭკორი აღნიშნავს, რომ რუისპირის საარჩევნო უბანი განთავსებულია სოფლის კლუბში, რომლის ფოიეშიც გამოკრულია ამომრჩეველთა სიები და მათი ნახვა მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
,,სამუშაო საათების შემდეგ ყველას აქვს უფლება, იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში და ეს არანაირი დარღვევა არ არის. აღნიშნული საარჩევნო უბანი არის ღია ტიპის დაწესებულება, ეს არის სოფლის კლუბი, სადაც ფოიეში გამოკრულია ამომრჩეველთა სიები, რომელთა ნახვაც ამომრჩევლებს ნებისმიერ დროს შეუძლია. აქ ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების ბრიფინგს და აპოკალიფსის დაანონსებას, ეს არის ჭიქაში ატეხლი ქარიშხალი, პროვოკაცია და სხვა არაფერი. ამ შემთხვევაში საარჩევნო უბანზე ადამიანები არასამუშაო საათზე იყვნენ იქ. ამ დროს მათ შეუძლიათ რაც უნდათ ის გააკეთონ. თუ რომელიმე საჯარო მოხელე იქნებოდა იქ, დარწმუნებული ვარ შვებულებაში იყო. ასეთი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, აქამდე არ ყოფილა. ის ადამიანები კი ახლა ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, თავად ატარებდნენ კატასტროფულ და გაყალბებულ არჩევნებს’’, – განუცხადა knews.ge-ს ბენო გეგეჭკორმა.