თელავის თემის საკრებულომ ახალგაზრდული სტრატეგია დაამტკიცა
პროგრამის ბენეფიციარები არიან თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-29 წლის ახალგაზრდები. სტრატეგიის შემუშავებამდე თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა კვლევა. გამოკითხული 100 ახალგაზრდიდან 64% მიიჩნევს, რომ დასაქმება ყველაზე პრობლემატური საკითხი, 79% კი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში მათთვის სასურველი სამსახურის შოვნა შეუძლებელია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი, რომელიც სრატეგიის მომზადების პროცესში ჩართული იყო, აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს ახალგარდების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბელა ბერაძის ინფორმაციით, სტრატეგიის განხორციელების პროესში ჩატარდება მიზნობრივი ტრენინგები, რომელთა მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ახალგაზრდების კომპეტენციების შესაბამისობაში მოყვანა, 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული სტაჟირების პროგრამების შექმნა.
„მთავრობამ მიიღო სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. აქედან გამომდინარე შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომლითაც ხელმძღვანელობს მთელი მთავრობა ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობისას. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა შექმნილიყო რეგიონული და ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები, თავისი სამოქმედო გეგმით. ამის აუცილებლობა გაჩნდა იმიტომ რომ ადგილზე ახალგაზრდული სამსახურების ბიუჯეტი არ არის იმდენად სწორად დაგეგმილი, რომ მან უზრუნველყოს ახალგაზრდული საჭიროებები. იხარჯება თანხები, შესაძლოა ეს არ იყო დიდი თანხა, მაგრამ შედეგი ახალგაზრდებისთვის არინ ნაკლები. ყველგან პირველი დონის საჭიროებად მოდის დასაქმება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ადამიანებმა, რომელთაც ეს დაგეგმეს, შემდგომში მიზანმიმართულად იმუშავებენ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც არსებობს. მაგალითად დასაქმებისთვის გარკვეული სამეწარმეო უნარების განვითარება ან არის ე.წ. გამჭრელი კომპეტენციები, რომლებიც ყველა ადამიანს სჭირდება. სწორად დაიგეგმება ამ ტიპის ტრენინგები“.
სტრატეგია მოიცავს 6 მიმართულებას. ერთ-ერთი საკითხი მუნიციპალურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაა. კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდების მხოლოდ 17%-ია ჩართული თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაში. ისინი ამ პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი საუბრობს დოკუმენტით გაწერილ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომელიც სოფო ახმეტელის მტკიცებით, ხელს შეუწყობს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას.
„ახალგაზრდების სოფლებში ქალაქთან შედარებით კიდევ უფრო ინერტულები არიან და ჩვენ გვინდა, რომ მათში ეს გამოვაცოცხლოთ, ახალგაზრდებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ, როდესაც ჩვენთან რაიმე სახის ინიციატივა შემოაქვთ, ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერებისა და კომპეტენციის ამაღლებას“, – განუცხადა Knews.ge-ს სოფო ახმეტელმა.
თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგია 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია, ყოველწლიურად გამოაქვეყნოს სტრატეგიის განხორციელების შესახებ საჯარო ანგარიში. თელავის მუნიციპალიტეტის გარდა, ანგარიშს ახალგაზრდული საბჭოს ჩართულობით მოამზადებს მესამე სექტორიც.
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. ვნახოთ, დაიწყება თუ არა ამ სტრატეგიის განხორციელება თუ ეს დოკუმენტიც ისევე შემოიდება თაროზე, როგორც 2014 წელს შემუშავებული კახეთის განვითარების სტრატეგია, რომელსაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მოაწერა ხელი.