„წინანდლის პრემია 2017“-ის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო
კონკურსის ორგანიზატორების თქმით, პრემია მიენიჭება 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
მათივე ინფორმაციით, წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა და 4 000 ლარიანი ფულადი პრემიით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და გალა კონცერტი 11 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართება.
,,2014 წლიდან დღემდე პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მხარდაჭერით. „წინანდლის პრემია“ დაფუძნდა 1999 წელს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ინიციატივით. პრემია ენიჭებათ ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს, წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. იგი ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18”,– განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.