„მკვდარი სულები“ და ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობა საარჩევნო უბნებზე
„ევროპული საქართველოდან“ თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი სამ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
„საარჩევნო სიებში არის სერიოზული ხარვეზები. ჩვენი კოორდინატორები თელავში კარდაკარის პრინციპით დადიან და ხვდებიან მოსახლეობას. ალაზნის გამზირის მაცხოვრებელი ამბობდა, რომ 17 წელია, რაც დედა მყავს გარდაცვლილი, ვიხვეწები, ამოიღონ სიიდან, მაგრამ ყოველთვის მოდის ბიულეტენი. მაგალითად, თელავის 1–ელ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულები არიან ემა ჯავახიშვილი, ზინა კიკნაძე და მარიამ რევაზოვი, მე–4 უბანზე სიაში არიან ვალერიან ჩანგაშვილი, ლიანა ტურაშვილი და ჟუჟუნა ლამაზოშვილი, მე–5უბანზე სიაში ფიქსირდებიან გრიგორი საფაროვი და ვერა მკალავიშვილი. ექვსივე პიროვნება გარდცვლილია, თუმცა ისინი საარჩევნო სიებში მაინც არიან. ეს რა თქმა უნდა არჩევნების გაყალბების მცდელობაა“, – განუცხადა knews.ge–ს ლელა მენთეშაშვილმა.
მერობის კანდიდატს პასუხობს თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გიორგი კალმახელიძე არ გამორიცხავს საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების ყოფნას. კალმახელიძე მიუთითებს, რომ გარდაცვლილების სიიდან ამოღების მოთხოვნით მათი ოჯახის წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას.
„გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა უნდა მიაკითხონ სევისების განვითარების სააგენტოს იუსტიციის სახლს, რომ ადამიანი გარდაცვლილია. ამ მონაცემებს ამუშავებს სააგენტო და უგზავნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკო ამ ინფორმაციას აგზავნის საოლქო საარჩევნო კომისიებში. სიების განახლება მიმდინარეობს წელიწადში ოთხჯერ. თუ ადამიანი წლების წინ გარდაიცვალა, მაგრამ ამის შესახებ არ იცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულმა, არც იუსტიციის სახლმა, ბუნებრივია, რომ გარდაცვლილი ადამიანი იქნება საარჩევნო სიებში“, – განუცხადა Knews.ge–ს გიორგი კალმახელიძემ.
საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“. ახმეტის მერობის კანდიდატი ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ფაქტებზე საუბრობს.
„საარჩევნო სიები პატარა უბნებზე ხელოვნურად არის გაზრდილი. სოფელ ომალოს მე–4 საარჩევნო უბანზე წინა წელს იყო 191 ამომრჩეველი, ეხლა არის 234 ამომრჩეველი. აქედან წინა წელს 13 ამომრჩეველი იყო პანკისის ხეობის სოფელ ომალოში რეგისტრირებული, 25 ადამიანი კი იყო სოფელ ზემო ალვნის მაცხოვრებელი. თუშეთში, სოფელ ომალოში მაჟორიტარ დეპუტატად ოცნებიდან კენჭს იყრის ანზორ ხიზანაიძე და იქ ხიზანაიძეების რაოდენობა გაზრდილია. უარესი მდგომარეობაა სოფელ კასრისწყალში, სადაც იყო 271 ამომრჩეველი, წელს კი მათი რაოდენობა 332–ია. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ კასრიწყლის საარჩევნო უბანზე ისეთი ადამიანები არიან რეგისტრირებულები, რომლებიც წინა არჩევნებზე იყვნენ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის და საგარეჯოს ამომრჩევლები. მაგალითად, საგარეჯოში მცხოვრები პაატა და ავთო ჩერქეზიშვილები არიან „ქართული ოცნებიდან“ კასრიწყლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ხააძის ცოლის ნათესავები. სოფელ ნაფარეულში მცხოვრები პაატა, ზეინაბი და ხათუნა დავითმღვდლიშვილები, ასევე, სიაში არიან კასრისწყლის საარჩევნო უბანზე“, – განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.
ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი ცილდება მათ კომპეტენციას და საარჩევნო სიების ფორმირება იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მოვალეობაა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით knews.ge–მ მიმართა სააგენტოს. უწყებაში აცხადებენ, რომ ახმეტის მერობის კანდიდატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.