თელავის მაჟორიტარობის კანდიდატის მუქარაში ბრალდებულს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.
თელავის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. წინასასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება.
9 ოქტომბერს ”ევროპული საქართველოდან” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნოდარ ეჟიშვილმა განაცხადა, რომ უცნობმა პირმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, იარაღი, რომლითაც უცნობი პირი ეჟიშვილს დაემუქრა, სათამაშო იყო. თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. როგორც knews.ge–ს ნოდარ ეჟიშვილმა განუცხადა, ცეცხლსასროლი იარაღი სათამაშო იარაღით შეცვალეს.