ახალი ამბები

Huffingtonpost: საქართველო – ახალი მარგალიტი მოგზაურებისთვის

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. გავლენიანი ონლაინგაზეთის ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი საქართველოს მარგალიტს ადარებს და ქვეყანაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.
„ხანდახან ფიქრობ, რომ ყველა ადგილი გამოკვლეულია და ახალი სამოგზაურო მიმართულება აღარ არსებობს. თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქში ერთსა და იმავეს ვუყურებთ. რატომ უნდა წახვიდე იტალიაში, როდესაც იტალიურ კერძებს სახლშიც დააგემოვნებ? თუმცა არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც სრულიად განსხვავებულია. თუ თქვენ სიტყვები ჩურჩხელა და ხაჭაპური პირველად გესმით, მაშინ არაფერი იცით საქართველოს შესახებ. ეს შტატი ჯორჯია არ გეგონოთ, ეს კავკასიის სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ ქვეყანაში უგემრიელესი კერძები მზადდება. ხაჭაპური ქართული პიცაა, ჩურჩხელაზე კი მთელი ქვეყანა გიჟდება. ასეულობით ვაზის ადგილობრივი ჯიშისგან საქართველოში უგემრიელესი ღვინო მზადდება, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში მიირთმევენ. საქართველოს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ესაზღვრება. მდებარეობიდან გამომდინარე ეს ქვეყანა იქცა მულტიკულტურულ ცენტრად, რომელიც სამზარეულოზე, არქიტექტურასა და ხელოვნებაზეც აისახა. მისტიკის და მიმზიდველობის უკან 8 ათასწლოვანი ტრადიციული ღვინის წარმოება დგას. ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში მიმდინარეობს. ღვინის დამზადების ამ უძველესი მეთოდით ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა“, – წერს სტეფან რაბიმოვი.
სტატიის ავტორი სხვადასხვა მარნისა და ღვინის ბიზნესში დასაქმებულების შესახებაც საუბრობს.
,,ამ ქვეყნის ქალაქები ძველი და თანამდროვე ლამაზი შენობებით გამოირჩევა. კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახლების გვერდით თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდებით, როგორებიც არის მეტალით და მინით მოწყობილი შენობები. თუ გსურს მომავალში თავი დააღწიო გადაჭედილ ქუჩებს, დაივიწყე რუკა, აიღე მენიუ ან ბოთლი, ამის შემდეგ თუ ვერ წარმოთქვამ ვერაფერს, ეს ნიშნავს, რომ შენ სამოგზაურო მარგალიტი აღმოაჩინე“, – წერს გამოცემა.