საუბნო კომისიის წევრების საკითხი ეჭვს აჩენს
როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიები შედგება 13 წევრისაგან. საუბნო–საარჩევნო კომისიაში 7 წევრს პარტიები ნიშნავენ, ხოლო 6 წევრს საოლქო კომისია კონკურსის წესით არჩევს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატები კომისიების უცვლელი შემადგენლობის გამო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებენ. ისინი ამბობენ, რომ კომისიების თავმჯდომარეებად და მდივნებად ყოველ არჩევნებზე ერთსა და იმავე პირებს არჩევენ, რაც მათივე ვარაუდით, შესაძლოა არჩევნების გაყალბების წინაპირობა იყოს.
,,ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ირწმუნება, რომ თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში,,ქართული ოცნების“ შტაბიდან გაიგზავნა წინაწარ შეჩეული იმ პირების სია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესზე გავლენა მოახდინონ.
,,თელავში სანამ საოლქო–საარჩევნო კომისია შეარჩევდა საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრებს, ჩვენ მოვიპოვეთ წინასწარ დაწერილი სია, სადაც ნათლად ეწერა, რომ ყველგან წინასწარ იყო გადაწყვეტილი საოლქო კომისია 6 სამოუკიდებელ წევრს ვის აირჩევდა. ასევე წინასწარ იყო განსაზღვრული, ვინ იქნებოდა კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. საუბნო კომისიების დაკომპლექტების შემდეგ შევადარეთ საოლქო კომისიის სიას ჩვენ მიერ წარმოდგენილი სია და ყველა პირის ვინაობა დაემთხვა’’,–განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველის ინფორმაციით, გარდა თელავისა, ასევე სიღნაღის #13 ოლქშიც საუბნო კომისიის წევრებიც მმართველმა პარტიამ დააკომპლექტა და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ძირითადად საჯარო მოხელეებმა მიიღეს. მერობის კანდიდატის განმარტებით, მათ უმეტესობას წინასწარ აქვთ გარანტირებული, რომ მმართველი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ვაკანტურ თანამდებობებზე მოხვდებიან.
,,არჩევნების გაყალბების მცდელობა იყო სიღნაღის #13 ოლქშიც, საუბნო კომისიების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირების გამოცდილება და ვინაობა ბოლომდე შევისწავლეთ. ამათგან 95% იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის ააიპ ორგანიზაციებში დასაქმებული, საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლი, ასევე სკოლის დირექტორები, ანუ იყვნენ ისინი, რომლებზეც ადვილად ზემოქმედებას მოახდენს მმართველი პარტია’’,– განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სახელისუფლებო პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი საუბნო–საარჩევნო კომისიების წევრებზე საუბრობენ პარტია „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებიც. მათი ინფორმაციით, ისინი პოლიტიკური ნიშნით შეირჩნენ.
,,ჩვენ ყველა უბანზე გვეყოლება წარმომადგენელიც და ასევე კომისიის წევრიც. რაც შეეხება კომისიის წევრების დაკომპლექტებას, 13–დან ექვსი წევრი, რომელსაც საოლქო–საარჩევნო კომისია ნიშნავს, კანონით ნეიტრალური უნდა იყოს, თუმცა ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიკერძოებულად შეირჩნენ და ძირითადად არიან სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები’’,– განუცხადა knews.ge-ს პარტიის წარმომადგენელმა ნოდარ ეჟიშვილმა.
პარტია ,,ქართული ოცნების“ თელავის შტაბში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობენ. შტაბის ხელმძღვანელის ბენო გეგეჩკორ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და საოლქო კომისიის მუშაობაში მმართველი პარტიის ჩარევას გამორიცხავს.
,,ეს არის სიცრუე. ,,ნაციონალური მოძრაობა’’ 9 წლის განმავლობაში რა მეთოდებსაც იყენებდა არჩევნების გასაყალბებლად და ტოტალურად გამარჯვებისთვის, ახლა ამ ყველაფერს გვაბრალებს ჩვენ. მათ ჰგონიათ, რომ იმავე მეთოდებით ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ არ ჩავრეულვართ ამ პროცესში და არც ხელგვეწიფება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველა წევრი არის პროფესიული ნიშნით დანიშნული. საოლქო კომისიამაც იმსჯელა ალბათ და იმ პირებმა, რომლებმაც გამოჩინეს თავი კანონიერად და სწორად მუშაობაში თავიდან აირჩია ის ხალხი’’, – განუცხადა knews.ge–ს ბენო გეგეჩკორმა.
თელავის #17 საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს საუბნოს საარჩევნო კომისიების წევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევას და მმართველ პარტიასთან წინასწარ შეთანხმებას გამორიცხავს. გიორგი კალმახელიძე აცხადებს, რომ საუბნო კომისიები დამოუკიდებელი გამოცდილი წევრებით დაკომპლექტდა.
,,საოლქო კომისია აცხადებს საუბნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსს. თვითოეულ უბანზე არის 6 ვაკანტური ადგილი დამოუკიდებელი წევრებისთვის, რომელსაც ირჩევს საოლქო კომისია და 7 წარმომადგენელს ნიშნავენ კვალიფიციური სუბიექტები. კონკურსი რომ გამოცხადდა, კონკრეტულმა პირებმა გააკეთეს განაცხადი. საოლქო –საარჩევნო კომისიამ თვითოეულ კანდიდატზე იმსჯელა და საკუთარი შეხედულებით, კვალიფიციურობის და გამოცდილების გათვალისწინებით დაუჭირა მხარი მათ დანიშვნას. საუბნო კომისიის წევრების უმრავლესობას აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა არჩევნებზე როგორც კონკრეტული კომისიის წევრს და სწორედ ამიტომ მე ვფიქრობდი, რომ ის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ კომისიის წევრები. მათი არჩევა საარჩევნო კოდექსის მიერ გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით მოხდა’’,– განაცხადა გიორგი კალმახელიძემ.
საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს სიღნაღის #13 საოლქო–საარჩევნო კომისის თავმჯდომარეც. მანანა მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებიც საუბნო–საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შევიდენენ, საარჩევნო საკითხების მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
,,ჩვენ გვაქვს საარჩევნო კოდექსის 24–ე მუხლში გაწერილი ვალდებულება, რომ უნდა ვიმსჯელოთ თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც განცხადებას შემოიტანს, კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და აკმაყოფილებს კონკურსის ყველა მოთხოვნას, და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ვერანაირ ბრალდებას ვერ მივიღებთ. არ ვიცი ვინ არის ააიპ–ის თანამშრომელი და ვინ არა, ჩვენ კანონის მიხედვით ვიმსჯელეთ. უმრავლესობა არის გამოცდილი კადრი და მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა დონის არჩევნებში’’– განუცხადა knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი საუბნო კომისიების სია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგელებმა შეისწავლეს. ორგანიზაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ნინო პოპიაშვილის განმარტებით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო–საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო კომისიის შემადგენლობა და ბოტკოველის მიერ გამოქვეყნებული სია შეადარეს, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ერთმანეთის იდენტური იყო.
,,დავინტერესდით ამ ფაქტით და ვთხოვეთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადმოცა სია რომელიც მათ ,,ქართული ოცნების“ შტაბიდან ჰქონდათ მოპოვებული. ჩვენ შევადარეთ აღნიშნული სია საოლქო– საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ პირთა სიას და აღმოჩნდა, რომ ერთმანეთის იდენტური იყო. იყო მხოლოდ ერთი ცდომილება #50 საარჩევნო უბანზე. ამაზე გიორგი ბოტკოველს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირისთვის ცნობილი გახდა სიების შედარების და ჩვენი ორგანიზაციის ამ საკითხით დაინტერესების ფაქტი და მან კონკურსში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მსგავსი ფაქტები საქართელოს მასშტაბით სხვა ოლქებშიც მოხდა და ეს საკითხი ჩვენს შუალდურ ანგარიშშიც არის ასახული. სავარაუდოდ ამ საკითხს ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან მოყვება სამართლებრივი რეაგირებაც. რა თქმაუნდა ამ მომენტისთვის არაფერი შეიცვლება, რადგან უკვე დაკომპლექტებულია საუბნო კომისიები. გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელთა მიზანიც არის ის, რომ შემდგი არჩევნებისთვის ეს აღარ განმეორდეს.’’
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.